"ვინც არ დაიცვა, ვინც წააქეზა, ვინც ჯერ იძალადა და შემდეგ ილოცა, ძალადობა გაამართლა, ვინც ახლა სხვას აბრალებს ლექსოს სიკვდილს, ყველა დამნაშავეა მის სიკვდილში", — წერს ფეისბუკზე სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენელი, პარლამენტარი თეონა აქუბარდია TV პირველის ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

ის უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, TV პირველს და მთელ ქვეყანას და აღნიშნავს, რომ ძალადობის ორგანიზატორები და დამკვეთები უნდა დაისაჯონ.

"ამ ბოროტებას თუ დროზე არ მივხედეთ, ვამხილეთ, ორგანიზატორები და მისი დამკვეთები არ გამოვავლინეთ, კიდევ უარესი პერსპექტივა გველოდება", — წერს ის.


ალექსანდრე ლაშქარავა დღეს, 11 ივლისს, დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა. იგი ერთ-ერთია იმ ათობით მედიის წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. იგი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა და 10 ივლისს სახლში გაეწერა.

ალექსანდრე ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები თავს მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრის მცდელობისას დაესხნენ. ლაშქარავა ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფებოდა, როცა On.ge-ს შემთხვევის დეტალები მოუყვა.

"უბრალოდ კიბეზე შეგვეფეთნენ, ჟურნალისტზე გაიწიეს ჯერ და შემდეგ ჩამქოლეს. არ ვიცი, 50 კაცი მირტყამდა, მთელი კიბის საფეხური, ზედა ნაწილი, ქვედა ნაწილი. რაღაც ნაწილი ავიდა ზევით, დავიწყე გაყოლა. რამდენიმე სართულზე იყვნენ ესენი, რამდენიმე სართულმა მცემა. ჩამაგდეს, ქვევით გადამაგდეს და ისე მცემეს, ტექნიკა დააქუცმაცეს, არ ვიცი, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უნდოდათ მედია გამოეყვანათ მწყობრიდან [...]

ახლა მე მეძახიან ამოცნობაზე მოდიო, მაგრამ ორი დღე კიდევ აქ უნდა ვიყო, ვერ გავდივარ და იდენტიფიცირება წარმოუდგენელია მოვახდინო, იმიტომ, რომ 50-60 ადამიანი იყო", — ყვებოდა ლაშქარავა 6 მაისს, თავდასხმიდან მეორე დღეს.

იმ ათობით ადამიანიდან, რომლებიც მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრას ცდილობდნენ და TV პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, ჯერჯერობით მხოლოდ ორია დაკავებული. აკაკი ნაკაშიძისა და თორნიკე დავლაშელიძის სასამართლო პროცესი 9 ივლისს გაიმართა და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დაცვის მხარე ითხოვდა მათ გათავისუფლებას 2 000-2 000 ლარიანი გირაოთი.

"ჩემი აზრი მინდოდა დამეფიქსირებინა, როგორც მართლმადიდბელი კაცის და მერე ქაოსმა მოიცვა ყველაფერი [...] ემოციებიდან გამომდინარე მოხდა", — განაცხადა აკაკი ნაკაშიძემ სასამართლო პროცესზე.

"ჩემი ცხოვრებისეული წესიდან გამომდინარე, სადაც ვყოფილვარ საზოგადოებაში, ვერავინ იტყვის რომ მკვლელი ვარ, ქურდი ვარ, ყაჩაღი ვარ, საერთოდ არ მახასიათებს ასეთი რაღაცები... რაც შეეხება ძალადობას, არავის მომართ განმიხორციელებია", — უთხრა მოსამართლეს თორნიკე დავლაშელიძემ.

პროკურატურამ ნაკაშიძესა და დავლაშელიძეს, ასევე მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულებს, თემურ ხარაულსა და ილია ქებაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4 წლიდან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

აღანიშნავია, რომ ამ დრომდე დაკავებულები არ არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.

გაიგე მეტი: