დაახლოებით ხუთი წლის წინ, შორენა ლობჟანიძემ დაზიანებული კბილების ხელოვნურით შეცვლა გადაწყვიტა და ექიმს მიაკითხა. ოპერაციის შედეგად დეფორმირებული პირის ღრუ და უვადო შშმ პირის სტატუსი მიიღო, რომელიც შემდეგ შეუჩერეს. დაზარალებულად ცნობასა და სამართლებრივ რეაგირებას კი წლებია უშედეგოდ ელოდება.

მიყენებული ზიანის დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაა საჭირო, რომელმაც ზიანის ხარისხი და ექიმების პროფესიონალიზმიც უნდა დაადგინოს. ექსპერტიზაში მონაწილეობა დარგის სპეციალისტებმა უნდა მიიღონ, თუმცა ეს ამ დრომდე ვერ ხერხდება — კანონმდებლობა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ექსპერტიზაში მონაწილეობას არ ავალდებულებს, ნებაყოფლობით ექსპერტიზაში მონაწილეობა კი ექიმებს არ სურთ.

რა მოხდა?

2016 წლის 9 სექტემბერს შორენამ კლინიკა ავერსის ყბა-სახის ქირურგ ლევან ხარატიშვილს კონსულტაციისთვის მიაკითხა. ექიმმა ზედა ყბაზე კომპიუტერული ტომოგრაფია გადააღებინა, შედეგების ნახვის შემდეგ კი უთხრა, რომ ორთოპედ-სტომატოლოგის კონსულტაციაც იყო საჭირო.

როგორც გვიყვება, უკვე 14 სექტემბერს, ხარატიშვილმა ორთოპედ-სტომატოლოგ ზურა ლაფაურთან ერთად აცნობა, რომ ზედა ყბაზე ოპერაციულ ჩარევასთან ერთად, ქვედა ყბის მოწესრიგებაც იყო აუცილებელი, რადგან, თუ ოდესმე ქვედა ყბაზე იმპლანტაცია დასჭირდებოდა, მას ზედა ყბაზე უკვე არსებული-გაკეთებული კბილების მოხსნა და იმპლანტების ამოღება მოუწევდა, რადგან თანკბილვის დასმა შეუძლებელი იქნებოდა. იმავე დღეს, 14 სექტემბერს ზურა ლაფაურის თანდასწრებით ქვედა ყბაზე კომპიუტერული ტომოგრაფია გადაუღეს.

გვიყვება, რომ ლევან ხარატიშვილის რჩევით, დენტალური იმპლანტაცია ორივე ყბაზე 2017 წელს, ამავე კლინიკაში ჩაუტარდა.

ოპერაციები ოთხ ეტაპად იყო დაყოფილი. ტკივილები პირველივე ოპერაციის შემდეგ დაეწყო. მისი თქმით, მუდმივი ტკივილებით შეშფოთებულმა, ხარატიშვილს არაერთხელ დაურეკა და ადგილზე მიაკითხა კიდეც.

"ვთხოვდი კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღებას, რათა უკეთ ენახა, რა მჭირდა, თუმცა აპარატის დაწვა მოიმიზეზა და გამოკვლევა არ ჩამიტარა. მეუბნებოდა, რომ აღნიშნული ტკივილები ოპერაციის შემდგომი პერიოდისთვის დამახასიათებელი იყო", — გვიყვება შორენა.

რამდენიმეთვიანი ურთიერთობის შემდეგ, ლევან ხარატიშვილმა ის ორთოდონტ ზურა ლაფაურთან გადაამისამართა, რომელიც, როგორც პაციენტი გვეუბნება, მისთვის ანაბეჭდების აღებას თვეების განმავლობაში ცდილობდა.

"მასთან [ზურა ლაფაურთან] ვიზიტებისას გაუსაძლისი ტკივილების ფონზე ორჯერ დავკარგე გონება. სამუშაო ახალ წლამდე ერთი თვით ადრე უნდა დაესრულებინა, მაგრამ ვერ შეძლო. სისტემატურად მიხდიდა ბოდიშებს, რომ მათი ლაბორატორიიდან, რომელიც ისრაელში მდებარეობდა, ჯერ შეკვეთა არ იყო ჩამოსული".

2018 წლის 9 იანვარს, ლაფაურმა კბილმწკრივის მოსაზომებად დაიბარა. პროცედურისას ღრძილებზე მოცულობითი მასა იგრძნო და სარკე მოითხოვა. გვიყვება, რომ სარკეში ჩახედვის შემდეგ შოკი მიიღო — ნახა, რომ პირში მის სახესთან შეუსაბამოდ დიდი ზომის, არასტანდარტული კბილები ჰქონდა ჩადგმული, რომლებიც ჩასმული იყო ხელოვნურ, განსხვავებული შეფერილობის ღრძილებში და პირს ვერ ხურავდა.

"ზურა ლაფაურთან მომივიდა კამათი, რადგან ხელოვნურ ღრძილებზე არცერთ ექიმთან, მკურნალობის არცერთ ეტაპზე საუბარი არ ყოფილა, არც ოპერაციებამდე და არც მას შემდეგ. ლაფაურმა გაკვირვებული სახით მიპასუხა, რომ უმადური ვიყავი. თითოეული კბილის გარშემო ხელოვნური ღრძილის დამზადება ჩვენთან 50 ლარი ღირს. ჩვენ საჩუქრად გაგიკეთეთ და მადლობის მაგიერი ხართო?! ამან აღმაშფოთა და უზომოდ გამაკვირვა, რადგან გამორიცხული იყო ავერსის კლინიკას 28 კბილის ერთეულზე გაკეთებული ხელოვნური ღრძილების თანხა, 1 400 ლარი ჩემთვის ეჩუქებინა. ჩემმა ზედმეტად ფიცხმა რეაქციამ იმდენად დააბნია ზურა ლაფაური, რომ გამწარებულმა მომაძახა — მე რას მერჩით? იმპლანტებია არასწორად ჩასმული, რაც შევძელი ის გავაკეთე, რომ როგორმე კბილები გქონდეთ და მეტი რა გავაკეთოო", — იხსენებს პაციენტი.

შორენა ლობჟანიძის თქმით, "ზურა ლაფაურმა, ფაქტობრივად, საკუთარი შესაძლებლობებისა და კოლეგიალობის მაქსიმუმი გააკეთა, რათა ლევან ხარატიშვილის არაპროფესიონალიზმისთვის ხელი დაეფარებინა".

ამის შემდეგ ის ითხოვდა გამოკვლევას ავერსის კლინიკის სხვა ყბა-სახის ქირურგ იმპლანტოლოგებთან, რაზეც, როგორც გვეუბნება, ცალსახა უარი მიიღო იმ მიზეზით, რომ საჭიროებას არ წარმოადგენდა, რადგან "ავერსის კლინიკის ექიმები შეცდომებს არ უშვებენ".

შორენა ლობჟანიძეს პირბადე მხოლოდ პანდემიის გამო არ უკეთია. ის ნიღაბს ოპერაციის შემდეგ დეფორმირებული პირის ღრუს გამოც ატარებს.

ფოტო: ლანა კოკაია/On.ge

რა მოხდა შემდეგ?

შორენას ცხოვრებაში სხვადასხვა კლინიკაში ტომოგრაფიული გამოკვლევები და ექიმებთან ვიზიტების სერია დაიწყო. გამოკვლევები საზღვარგარეთაც გააგზავნა. უკლებლივ ყველა ექიმი უდასტურებდა, რომ 20 იმპლანტიდან დიდი უმეტესობა არასწორად იყო ჩასმული, თუმცა, მიუხედავად ამისა, დასკვნა ამის შესახებ ვერც ერთმა მათგანმა ვერ დაუწერა.

"მთხოვდნენ, მათთან ვიზიტიც კი არ გამეხმაურებინა, რადგან ავერსი მათ "გააფუჭებდა". ჩემ ხელთ არსებული დოკუმენტაციით თბილისის საქალაქო სასამართლოს, პროკურატურასა და ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მივმართე", — ამბობს შორენა ლობჟანიძე.

გამოკვლევების საფუძველზე, 2018 წლის ივლისში მეორე ხარისხის უვადო შშმ პირის სტატუსი მიენიჭა, რომელიც 2020 წლის ზაფხულში, როგორც თავად ამბობს, გაურკვეველი მიზეზით შეუჩერდა.

"არ მისახელებენ დღემდე, რომელი ან რა სახეობის კვლევა მაკლდა, რის საფუძველზეც სტატუსის მინიჭება არასრულყოფილად მიიჩნიეს", — გვეუბნება ის.

2018 წლის 13 მაისს, ფეისბუქით ავერსის საკუთრებაში არსებული კლინიკის, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყბა-სახის ქირურგი, შოთა ლობჟანიძე დაუკავშირდა და პროფესიული დახმარება შესთავაზა. ექიმი შორენას ნათესავი აღმოჩნდა, თუმცა მას მანამდე არ იცნობდა.

რამდენიმე დღეში შოთა ლობჟანიძე ალადაშვილის კლინიკაში მიჰყვა, სადაც ახალი კვლევა ჩაუტარეს, მოიწვიეს ექიმების კონსილიუმი და უთხრეს, რომ 20 იმპლანტიდან 18 ამოსაჭრელი ჰქონდა.

"რამდენიმე იმპლანტი მოთავსებულია ჰაიმორის ღრუში, გვიკვირს ქვედა ყბის დამბლა რომ არ გაქვთ განვითარებულიო. იმპლანტები ჩასმულია არა ყბის ძვალში, არამედ ყბის ძვალსა და ღრძილს შორის, იკვეთება ორივე ყბის ძვლის რეზორბცია, არის დესტრუქციული უბნები, ოსტეომიელიტი, არის ანთებები, იმპლანტები ინფიცირებულია და საჭიროა მინიმუმ სამი ოპერაციაო", — ამბობს პაციენტი.

პაციენტის ბოლო გამოკვლევის დასკვნა

შორენას მიმართვის საფუძველზე, უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხუთი მოსამზადებელი სხდომაც ჩატარდა. გარდა ამისა, მან მიმართა სახალხო დამცველს, ჯანდაცვის მინისტრსა და ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს.

"პროკურატურამ რამდენჯერმე მიმართა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, თუმცა კადრის არყოლის გამო ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადეს. პროკურატურამ დახმარებისთვის სტომატოლოგთა ასოციაციას მიმართა კადრის გამოყოფის თაობაზე. გამოიყო სწორედ ის ექიმი, რომელიც საქმეში ფიგურირებს და მხარეს წარმოადგენს. ამიტომ მოგვიწია ახალი სპეციალისტის გამოყოფის მოთხოვნით მიმართვა, თუმცა უშედეგოდ", — ამბობს შორენა.

რა ხდება ახლა?

ამჟამად საქმე, ფაქტობრივად, ჩიხშია შესული, რადგან ექსპერტიზის ჩასატარებლად, ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტების გარდა, ექიმ-სპეციალისტების მონაწილეობა იყო საჭირო. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ექსპერტიზაში მონაწილეობის მისაღებად, ორთოპედ-სტომატოლოგისა და ყბა-სახის ქირურგის კანდიდატურების შერჩევა და წარმოდგენა ითხოვა, თუმცა, რადგან ექიმისთვის ექსპერტიზაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მას ამას კანონი არ ავალდებულებს, მსურველი არ გამოჩნდა.

"საქართველოში არ აღმოჩნდა არც ერთი ექიმი, არცერთი პროფესიონალი, რომელსაც ეყოფა გამბედაობა და ექსპერტიზასთან ითანამშრომლებდა. ამავდროულად, სამხარაულის საექსპერტო ბიუროს არ აქვს კეთილი ნება, მის მიერ საერთაშორისო საექსპერტო ორგანიზაციასთან ნაკისრი ვალდებულებები აღასრულოს და სპეციალისტების არყოლის შემთხვევაში, უცხოეთიდან მოითხოვოს დახმარება. როგორც გენერალურ პროკურატურაში მითხრეს, მე არ ვარ ის მაღალი თანამდებობის პირი, რომლის გამოც სახელმწიფო შეწუხდება და ხარჯს გაიღებს. მსგავსი მოწვევები მხოლოდ მთავრობის მაღალი თანამდებობის ხალხზე ვრცელდება და არა რიგით მოქალაქეებზეო".

რას ამბობს სამხარაულის ბიურო?

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმის დროს, როგორც ადგილობრივი, ასევე, საექსპერტო კვლევაში ჩართვის მიზნით, უცხოეთიდან სპეციალისტების მოწვევა ბიუროს კომპეტენციას სცილდება.

მათივე თქმით, ექსპერტიზაში სასამართლო მედიცინა, ძირითადად, საპროცესო მიზნებისთვის არსებული მედიცინის მიმართულებაა და იგი მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას არ გულისხმობს.

"ყველა ქვეყანას გააჩნია საექსპერტო მოქმედებების განსაზღვრული ფარგლები. გამოძიების წარმოების პროცესში, პერიოდულად ჩნდება საჭიროება, რომ გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად სასამართლო მედიცინის სპეციალისტებთან ერთად პროცესში სხვა დარგის ექიმ-სპეციალისტებმაც მიიღონ მონაწილეობა, რომელთა ჩართვას ექსპერტის სახით მოცემულ პერიოდში საგამოძიებო უწყება უზრუნველყოფდა", — უთხრეს On.ge-ს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში.

რას ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი?

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ვექტორის ხელმძღვანელის, ალექსანდრე გეჯაძის თქმით, შორენა ლობჟანიძის საქმის ექსპერტიზის საწარმოებლად, ფაქტობრივად, უძლური აღმოჩნდა. გეჯაძე ამბობს, რომ ამ სახის ექსპერტიზის ჩატარების დროს მას სტომატოლოგ-ორთოპედის და ყბა-სახის ქირურგის მონაწილეობა სჭირდებოდა. ამისთვის ამ სფეროს რამდენიმე წარმომადგენელს მიმართა, თუმცა, როგორც გვეუბნება, ყველამ თავი შეიკავა. დამოუკიდებელი ექსპერტი გვიყვება, რომ საქმე სომხეთშიც და სხვა ქვეყნებშიც გააგზავნეს, თუმცა უშედეგოდ.

"სომხეთშიც გავაგზავნეთ და გვითხრეს, მოძმე რესპუბლიკა ხართ, კოლეგები არიან და თავს შევიკავებთო, მაგრამ ჩამოვალთ და ვუმკურნალებთო.

საჭმელს, ფაქტობრივად, ვერ ჭამს ადამიანი. არც ფორმა 100-ს აძლევენ, რომ იქნება შშმ პირის სტატუსი აღუდგეს. 20 კბილის გარეშე დატოვეს. პრაქტიკულად, პირის ღრუ არის კბილების გარეშე", — გვეუბნება გეჯაძე.

მისივე თქმით, შორენას შემთხვევა პირველი არ არის და ანალოგიური პრობლემის გამო, მსგავსი საქმეები თაროებზეა შემოდებული.

"სისტემური პრობლემების გამოვლინებას წარმოადგენს"

შორენა ლობჟანიძის საქმეს იცნობს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიამ 18 ივნისს, პარლამენტში 2020 წლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ წლიური ანგარიშის წარდგენისას დასმული კითხვის პასუხად, განაცხადა, რომ ისინი საქმეს ორი მიმართულებით სწავლობენ.

ფოტო: სახალხო დამცველის პრესსამსახური

"ერთ-ერთი არის ის, რომ სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს ამ საკითხს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და ზოგადად, ის, რომ რეგულირების სააგენტოში მსგავსი ტიპის საჩივრების განხილვა ძალიან დიდი ვადით იწელება, ეს პაციენტის უფლებების დაცვის ეფექტურ საშუალებას არ წარმოადგენს. დიდი ხანია ვლაპარაკობთ ამაზე და ეს საქმეც არის ამის ერთ-ერთი მაგალითი. ეს საქმე, მათ შორის ექსპერტიზის მიმართულებით, სისტემური პრობლემების გამოვლინებას წარმოადგენს", — აღნიშნა ლომჯარიამ პარლამენტში.

ომბუდსმენის თქმით, გასული წლის განმავლობაში ჰქონდათ შემთხვევა, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე კომისიური ექსპერტიზის ჩატარება იყო საჭირო, მაგრამ იმის გამო, რომ კომისიურ ექსპერტიზაში მონაწილეობას არავინ იღებდა, დარგის სპეციალისტები არ გამოთქვამდნენ სურვილს და მონაწილეობა არ არის სავალდებულო/ანაზღაურებადი, სამხარაულის ბიურო ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე ექსპერტიზას ვერ ატარებდა.

"შესაბამისად, მოქალაქის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელება ფერხდება. სხვათა შორის, ეს საკითხი ჩვენ მივიტანეთ პრემიერმინისტრამდე. გავაგზავნეთ რეკომენდაცია და იქიდან გამომდინარე, რომ მისი დაქვემდებარების ქვეშ არის, გავაგზავნეთ რეკომენდაცია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს", — თქვა ნინო ლომჯარიამ.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში განგვიცხადეს, რომ პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი შეისწავლეს. უწყების ცნობით, საკითხი შესაბამისი დარგის ექიმ-სპეციალისტების მიერ უკვე რეცენზირებულია და პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა.

On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიური დარეკვების მიუხედავად უწყებამ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა. მოგვიანებით, თავად პაციენტისთვის სახალხო დამცველის აპარატიდან გაგზავნილი ოფიციალური დოკუმენტიდან გავიგეთ, რომ საქმეზე გამოძიება მოქალაქის ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო.

ბრალდების მთავარი ადრესატი — ავერსის კლინიკა თავდაპირველად კითხვებზე პასუხის გაცემას გვპირდებოდა, თუმცა მოგვიანებით გვითხრეს, რომ კომენტარისგან თავს იკავებენ.