თბილისი პრაიდის ოფისზე ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელსაც ცოტა ხნის წინ პატიმრობა შეუფარდეს, სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას ამტკიცებდა, რომ ლგბტ თემის მიმართ "არანაირი პრეტენზია არ გააჩნია". მისი თქმით, "უბრალოდ დროშამ გამოიწვია აღელვების ის" და ეს იყო მისი დანაშაული.

"უბრალოდ ჩემი პოზიცია მინდოდა დამეფეიქსირებინა ლგბტ ხალხის მიმართ. მე არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია მაგათ მიმართ. უბრალოდ დროშამ გამოიწვია აღელვების ის და ეგ იყო ჩემი დანაშაული, მეტი მე არაფერი ჩამიდენია. აივანზე მოვედი ინერციით, კადრებშიც ჩანს, ხელით დავეჯახე "სტეკლოს" და გადამეჭრა, შევედით, "კუხნა" იყო, ხელი გადავიბანე და ვცდილობდით კარიდან გამოსვლა. იქიდან რომ ვერ ჩამოვედით, ისევ აივნიდან მოგვიხდა ჩამოსვლა. ეგ არის, მე არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და ზედმეტად არავისთვის არ მიქნია, გარდა იმისა, რომ დროშა ჩამოვაგდეთ "ლგბტსი" და ქართული დროშა ავაფრიალეთ. ეგ თუ დანაშაულია, რაც ზარალი მივაყენეთ, ვთვლი, რომ უნდა ავანაზღაუროთ, მე არა ვთვლი კარგ საქციელად სხვის იმაში დაუკითხავად შესვლას, მაგრამ თუ ეგ დანაშაულია ავანაზრაურებთ მაგას, რა ვიცი", — განაცხადა მან სასამართლო სხდომაზე [სტილი დაცულია].

დღეს თბილისი პრაიდის ოფისის დარბევაში ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა შეუფარდეს. ისინი ოფისში 5 ივლისს შეიჭრნენ, დროშა ჩამოგლიჯეს და საქართველოს დროშები ააფრიალეს.

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5-6 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. 5 ივლისს დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს და მომდევნო დღეებში გავრცელდა.

6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია გაიმართა, სადაც მოძალადეები მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც. პოლიცია მოძალადეებს აკავებდა, თუმცა საღამოს, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები ტერიტორიიდან გაიყვანა და მოძალადე ჯგუფები რუსთაველზე შეუშვა. მათ მეორედ ჩამოგლიჯეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა.

ამ ძალადობრივი მოვლენების გამო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რადგან მან ვერ უზრუნველყო მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა