აშშ-ს ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებით, დაძაბულობის პერიოდში პრემიერმინისტრმა უნდა ითამაშოს წამყვანი როლი სიტუაციის განსამუხტად, თუმცა მისი თქმით, წინა დღეებში ჩვენ ეს ვერ დავინახეთ.

"დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში უმრავლესობა არ ემხრობა ძალადობას, არანაირ სიტუაციაში, მით უმეტეს, ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიან მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე, რომლებიც თავიანთ სამუშაოს ასრულებენ. ამიტომ ნამდვილად ვფიქრობთ, რომ ეს იყო იმედგამაცრუებელი დღე. ბევრმა გააკეთა კომენტარი, რომ გასაკვირი იყო, ქვეყანამ, რომელიც ცნობილია ადამიანის უფლებათა დაცვისა და ტოლერანტობით, უკან გადადგა ნაბიჯი ამ ღირებულებებისგან.

რა თქმა უნდა, ჩვენ მოველით, რომ პრემიერმინისტრმა უნდა ითამაშოს წამყვანი როლი იმ სიტუაციის დასამშვიდებლად, სადაც ძალადობას იყენებენ და დაგმოს ძალადობა საქართველოს მოქალაქეებისა და ჟურნლისტების წინააღმდეგ. სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ ვნახეთ უფრო ძლიერი ლიდერული როლი ამ დღეებში", — განაცხადა მან.

ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს 17:00 საათზე დაანონსებული ღირსების მარშის კონტრაქციისთვის მობილიზება დილიდან დაიწყეს. ნაწილი ტერიტორიაზე წინა ღამითაც მივიდა.

ისინი უკვე იქცეოდნენ აგრესიულად, როცა საქართველოს პრემიერმინისტრმა პირდაპირ ეთერში გამოაცხადა, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის პრაიდის ჩატარება "მიუღებელია". მან თქვა ისიც, რომ პრაიდის ჩატარება მიზანშეუწონლად მიაჩნია და ორგანიზატორების უკანაც ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესები დაინახა. აღნიშნული განცხადება მოძალადე ჯგუფების მიმართ მწვანე შუქის ანთებად და ძალადობის წახალისებად შეფასდა.

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5-6 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. 5 ივლისს დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს და მომდევნო დღეებში გავრცელდა.

6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია გაიმართა, სადაც მოძალადეები მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც. პოლიცია მოძალადეებს აკავებდა, თუმცა საღამოს, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები ტერიტორიიდან გაიყვანა და მოძალადე ჯგუფები რუსთაველზე შეუშვა. მათ მეორედ ჩამოგლიჯეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა.

ამ ძალადობრივი მოვლენების გამო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რადგან მან ვერ უზრუნველყო მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა.