დღეს საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონია გაიმართა. ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენები ახალი ფორმით წარსდგებიან.

ფოტო: თბილისის მერია

ფორმა საქართველოს დროშის ფერებშია და ყაბალახითაა გაფორმებული. მისი დიზაინი სიმონ მაჩაბელმა შექმნა.

"უნდა ყოფილიყო ეროვნული მოტივი, ამავე დროს, ყოფილიყო თანამედროვე და მთლიანობაში უნდა ყოფილიყო საინტერესო ჯგუფი. ყაბალახი თავიდან წამოვიდა იქიდან, რომ ვინაიდან კორონავირუსის მდგომარეობაში ვართ, პირბადეები უნდა ჰქონოდათ და ეს ჩვენი ეროვნული აქსესუარი, თხელი ქსოვილისგან დამზადებული შეუძლიათ, პირბადეზე ან სხვადასხვანაირად გაიკეთონ", — უთხრა მაჩაბელმა მთავარი არხის ჟურნალისტს.

ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ცერემონიაზე ეს ფორმა მოირგო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც.

"ჩემთვის არის ძალიან დიდი პატივი, დღეს აქ ყოფნა და ჩემთვის არის ძალიან დიდი პატივი, რომ მაცვია თქვენი ფორმა. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფორმა, ამის უკან რამდენი მუშაობა, გამძლეობა, დღეები გატარებული ვარჯიშში დგას და ეს არის იმ მომავალი გამარჯვების ნამდვილი საწინდარი", — განაცხადა მან.

ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.

ტოკიოს ოლიმპიადა ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო ერთი წლით გადადეს. კორონავირუსის პანდემიის რისკის გამო ტოკიოს ოლიმპიადას საერთაშორისო მაყურებელი ვერ დაესწრება. მათ ვისაც ბილეთები უკვე ნაყიდი აქვთ, საფასურს დაუბრუნებენ.