მართალია, ამ სერიალის სახელის სწორ თარგმანზე ბევრს დაობენ, თუმცა, თავისუფლად შეგვიძლია, The Witcher-ის მეორე სეზონს "დიდი მოლოდინებიც" დავარქვათ. ცოტა ხნის წინ თიზერის ნახვის შემდეგ, ეს მოლოდინები ერთიორად გამძაფრდა. აი, ამ ხანგრძლივი მოლოდინის დასასრულიც გამოჩნდა და, როგორც ჩანს, მოცდად ღირდა — ნეტფლიქსმა პოპულარული სერიალის მეორე სეზონის პირველი ტრეილერი და პრემიერის თარიღი გაავრცელა; ჰენრი კავილის გერალტი 17 დეკემბრიდან მიაჯაჭვებს ფანებს ეკრანებთან.

გაფრთხილება: სპოილერები პირველი სეზონიდან!

ეპიკური ისტორია პირველი სეზონის ბოლოდან გაგრძელდება, როცა გერალტს, როგორც იქნა, განდევნილი პრინცესა ცირილა უერთდება. მეორე სეზონში წყვილი კაერ მორჰენისკენ, მთაზე შეფენილი ციხესიმაგრისკენ გაემართება, სადაც გერალტი გაიწვრთნა. ცირისაც სწორედ აქ მოუწევს იმავე წვრთნის გავლა, რათა მხედვარი გახდეს. როგორც ტრეილერიდან ჩანს, ეს არცთუ სახალისო ამბავია.

რაც მთავარია, ეპიკურობა არც ამ სეზონში მოგვაკლდება — სიმძაფრე ნაწილობრივ მაინც შევიგრძენით ტრეილერით, სადაც გერალტს ისევ უწევს ურჩხულებთან ბრძოლა.

სანამ მეორე სეზონის ჯერი მოვა, მანამდე პრიკველი ანიმაცია — The Witcher: Nightmare of the Wolfგამოვა 23 აგვისტოს. შესაბამის მოწყობილობებზე წელსვე გამოჩნდება თამაშის, The Witcher 3: Wild Hunt-ის განახლებული და უფასო ვერსიაც.

დაბოლოს — კავილმა ისიც დაგვიანონსა, რომ მეორე სეზონში იესკიერის ახალ სიმღერას მოვისმენთ. თუმცა, ამისთვის ნამდვილად მოგვიწევს კიდევ რამდენიმე თვე ლოდინი.

ფოტო: Netflix

ცნობილი პოლონელი მწერლის, ანჯეი საპკოვსკის ფენტეზის ჟანრის წიგნების სერიის სატელევიზო ეკრანიზაციის, The Witcher-ის პირველი სეზონის პრემიერა ნეტფლიქსზე 2019 წელს შედგა და მალევე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სერიალად იქცა — პირველ სერიებს 76 მილიონამდე ადამიანმა უყურა.

2020 წლის თებერვალში ნეტფლიქსმა მეორე სეზონზე მუშაობის დაწყება ოფიციალურად დაადასტურა. მეორე სეზონში კვლავ ვიხილავთ ჰენრი კავილს (გერალტი), ანია ჩალოტრასა (იენიფერი) და ფრეია ალანს (ცირი). აღსანიშნავია, რომ ძველ სამსახიობო გუნდს რამდენიმე ახალი სახეც შეემატა: იესენ ათორი, აგნეს ბიორნი, პოლ ბულიონი (Peaky Blinders), ერსტედ რასმუსენი (Fast and Furious 9), აიშა ფაბიენ როსი, კრისტოფერ ჰივიუ (Game of Thrones) და მესია სიმსონი.

ნეტფლიქსის ამ რეკორდსმენი სერიალის გაგრძელება ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა გადაღებებს პანდემიამ შეუშალა ხელი. 2021 წლის აპრილში ოფიციალურად დადასტურდა, რომ მეორე სეზონის გადაღება დასრულდა.