მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერთა გამოყენების სიიოლე ხელით წერას თანდათანობით უფრო ჩრდილავს, ახალი კვლევა გვეუბნება, რომ ასე სწრაფადაც არ უნდა მოვისროლოთ კალამი და ფურცელი: ხელით წერა ადამიანებს გარკვეული უნარების ბევრად უფრო სწრაფად და უკეთესად დაუფლებაში ეხმარება, ვიდრე იგივე მასალის ბეჭდვისა და ვიდეოების ყურების საშუალებით შესწავლა.

"მშობლებისათვის და განმანათლებლებისათვის არსებობს კითხვა, თუ რატომ უნდა დახარჯონ ბავშვებმა დრო ხელით წერაში. თავისთავად, ხელით წერა უკეთ გამოგივათ, თუ ივარჯიშებთ, მაგრამ, როცა ხალხი ნაკლებად აკეთებს ამას, ვის ადარდებს? ნამდვილი კითხვა შემდეგში მდგომარეობს: არის თუ არა სხვა სარგებელი, რომელიც ხელით წერას კითხვის, მარცვლისა და გააზრების პროცესებში მოაქვს? ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ უმეტესწილად პასუხი უსათუოდ დადებითია", — ამბობს კვლევის მთავარი ავტორი ბრენდა რეპი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი კოგნიტურ მეცნიერებაში.

ნაშრომს ჟურნალში Psychological Science ვხვდებით.

კვლევის მიმდინარეობა

რეპმა და წამყვანმა ავტორმა რობერტ უაილიმ, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა დოქტორმა, რომელიც ამჟამად გრინსბოროში, ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში მოღვაწეობს, ჩაატარეს ექსპერიმენტი, სადაც მოსწავლეთა სამ ჯგუფად დაყოფილ 42 ადამიანს არაბული ანბანი ასწავლეს: მწერლებს, მბეჭდავებსა და ვიდეოს მაყურებლებს.

ასოებს ყველა ერთდროულად სწავლობდა ვიდეოების ყურებისას, სადაც ისინი იწერებოდა და ხმოვანდებოდა. თითოეულ ასოსთან გაცნობის შემდეგ სამი ჯგუფის წევრებს დანახულისა და მოსმენილის სწავლა სხვადასხვა გზებით უნდა ეცადათ. ვიდეოს ჯგუფს ეკრანზე ასოს აჩვენებდნენ და უნდა ეთქვათ, იყო თუ არა ის წინათ დანახულის ანალოგიური. მბეჭდავებს იგი კლავიატურაზე უნდა ეპოვათ, ხოლო მწერლებს იგი კალმით ფურცელზე უნდა გადმოეტანათ.

საბოლოოდ, 6 ასეთი სესიის შემდეგ, ყველას შეეძლო ასოთა ამოცნობა და შეცდომათა რაოდენობაც მცირე იყო, მაგრამ მწერალთა ჯგუფმა გაწაფულობის ამ დონეს სხვა ჯგუფებზე ადრე მიაღწია, რამდენიმე მათგანმა — მხოლოდ ორ სესიაში.

შემდეგ მკვლევრებმა გადაწყვიტეს განესაზღვრათ, რამდენად შეეძლოთ ჯგუფებს ამ ახალი ცოდნის განზოგადება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა ცნობდა ასოებს, მაგრამ ნამდვილად შეეძლო თუ არა რომელიმეს მათი პროფესიონალურად გამოყენება წერის, ახალი სიტყვების მართლწერისა და უცხო სიტყვების ამოკითხვასთან მიმართებაში?

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ეს მწერალთა ჯგუფს უკეთესად გამოსდიოდა.

"ამის მთავარი შეგონება ისაა, რომ მიუხედავად ასოების ცნობაში ყველას გაწაფულობისა, წერითი ვარჯიში ყველა დანარჩენ მოქმედებაზე უკეთესი იყო, თანაც მათ აქამდე მოსასვლელად ნაკლები დრო დასჭირდათ", — თქვა უაილიმ.

კვლევის მიგნებები და ინტერპრეტაცია

წერითმა ჯგუფმა მაღალი დონის კითხვისა და მართლწერისათვის საჭირო მეტი უნარი გამოიმუშავა. უაილისა და რეპის თქმით, ხელით წერა ვიზუალური და სმენითი გაკვეთილების გამტკიცებას ემსახურება. უპირატესობას კალიგრაფიასთან არანაირი კავშირი არ აქვს — ხელით წერა აღქმით-მოტორულ გამოცდილებას უზრუნველყოფს, რაც დასასწავლი ასოების შესახებ ინფორმაციას აერთიანებს (მათ ფორმებს, ხმებსა და მოტორულ გეგმებს), რაც, გუნდის თქმით, უფრო მდიდარ ცოდნასა და დასწავლის ნამდვილ, სრულ პროცესს წარმართავს.

"წერით თქვენ გონებაში უფრო ძლიერ გამოსახულებას იღებთ, რაც იმაზე უკეთ ათვისებაში გეხმარებათ, ვიდრე იმ დავალებების შესრულება, რომელიც ხელით წერას არ მოიცავს", — განაცხადა უაილიმ.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ზრდასრულთა მონაწილეობით წარიმართა, უაილი და რეპი ბავშვებშიც ასეთივე შედეგებს მოელიან. მიგნებებს საკლასო ოთახებისათვის დიდი მნიშნელობა აქვს, სადაც ფანქრები და რვეულები უკანასკნელ წლებში ტაბლეტებმა და ლეპტოპებმა ჩაანაცვლა, გაკრული ხელით წერის სწავლება კი უბრალოდ მოძველებულია.

კვლევა ასევე გვთავაზობს, რომ ზრდასრულებმა, რომლებიც განსხვავებული ანბანის მქონე ენის სწავლას ცდილობენ, აპლიკაციებიდან და ვიდეო ჩანაწერებიდან ათვისებულ მასალას ძველებური საკანცელარიო სამუშაოც უნდა მიამატონ.

უაილი მტკიცედ ცდილობს მის გარშემო ბავშვები საწერი მასალებით უზრუნველყოს.

"დედმამიშვილებს 4 ბავშვი ჰყავთ და მეკითხებიან, უნდა შეუძინონ თუ არა მათ პასტელები და კალმები. მე ვპასუხობ, რომ დიახ, უნდა მისცენ ნება, ითამაშონ ასოებით, დაიწყონ მათი წერა და სულაც წერონ. საშობაოდ მათ თითით სახატავი საღებავები შევუძინე და ასოების გამოსახვაც შევთავაზე", — აღნიშნა მან.