იმ შვიდი კინოსურათიდან მხოლოდ ერთიც რომ გადაეღო, მას მაინც ექნებოდა ნოვატორის სახელი, რადგან თენგიზ აბულაძის და რეზო ჩხეიძის მაგდანას ლურჯას 1956 წელს კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო ერგო, ვედრებას — კინოპოეზიის სტატუსი, სხვისი შვილები კი პირველი ქართული ნეორეალისტური ფილმია.

1960-იანი წლებს შემდეგი ათეული წელი მოჰყვა, რაღაც იცვლებოდა და თითქოს, ილეოდა. რელიგიურ-პოლიტიკური დისიდენტობა ძლიერდებოდა და თავისუფლების სურვილი მწიფდებოდა.

ამბობენ, ადგილობრივი პოლიტიკური ისტებლიშმენტი კინორეჟისორებს ნაწილობრივ, ანტი-საბჭოთა კინოსცენარის შესაქმნელად ნებას რთავდა. მიხეილ კობახიძის ჩანაწერებში ვკითხულობთ, ედუარდ შევარდნაძის სიტყვებს: "გადაიღე ანტი-საბჭოთა ფილმი, ვიღაცამ ხომ უნდა თქვას სიმართლე".

ფოტო: ნანა ჯანელიძე

თენგიზ აბულაძე

ფოტო: ნანა ჯანელიძე

იქნებ იმიტომ, რომ ხელმძღვანელობა გრძნობდა კომუნალური ბინების რყევას და საქართველოს, რეგიონში ყველაზე პოეტურ ქვეყანას, პირველობის ამბიცია ჰქონდა, ახალთან შესაგებებლად კინო, როგორც ორიგინალური ფორმა ეფექტურად იმუშავებდა.

ფოტო: ნანა ჯანელიძე

ფოტო: ნანა ჯანელიძე

მაგრამ არავინ ელოდა, რომ რეჟიმის მამხილებელი ფილმის გადასაღები მოედნიდან, მთავარი როლის შემსრულებელი გაიქცეოდა და მეგობრებთან ერთად თვითმფრინავს გაიტაცებდა. თორნიკეს როლზე დამტკიცებული გეგა კობახიძე, სხვებთან ერთად, სასჯელის უმაღლესი ზომით – სიკვდილით დასაჯეს.

ამის შემდეგ, მონანიების ბათუმში გადაღებული მასალა – 5 000 მეტრი ფირი გამოუდეგარი აღმოჩნდა. გადაღებები შეჩერდა, მერე ისევ გაგრძელდა და საბოლოოდ, უკვე დასრულებული ფილმის კინოფირი სამი წლით თაროზე შემოდეს.

ფოტო: თენგიზ აბულაძე

ამბობენ, ერთ ასლს თენგიზ აბულაძე ბალიშის ქვეშ ინახავდაო. შესაძლოა, ეს, სენტიმენტების მოყვარულებმა მოიგონეს, მაგრამ მაინც ახლოსაა რეალობასთან.

ფოტო: ნანა ჯანელიძე

ფოტო: ნანა ჯანელიძე

მერე იყო პერესტროიკა და მონანიების უნიკალური საფესტივალო სივი: კანის ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი, კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია ფიპრესი და კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის. ფილმმა 1988 წელს ოქროს გლობუსზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაც მოიპოვა.

ათობით სხვა კინოფესტივალის საპატიო წოდება, რეჟიმის მხილებისთვის, ქვრივი ქალების ცოცხლად ჩაწერილი რეალური ინტერვიუების, გადასახლებული, დახვრეტილი, უმამოდ გაზრდილი შეშინებული ბავშვების მხარდაჭერის გამო.

ფოტო: ნანა ჯანელიძე

თენგიზ აბულაძე 1994 წლის 6 მარტს გარდაიცვალა. 1987 წლიდან 34 წლის შემდეგ, წელს, მონანიება კანის კლასიკის სექციაშია.

დღეს, 34 წლის შემდეგ, ბუნუელის კინოდარბაზში მსახიობი ავთო მახარაძე და ნანა ჯანელიძე ფილმის შექმნის ხანგრძლივ პროცესს და იმ პერიოდს იხსენებდნენ, როდესაც კინოსურათი ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალზე მიიწვიეს. მაშინ, პრემიერას ავთო მახარაძე თენგიზ აბულაძესთან ერთად ესწრებოდა.

დღეს ამბობს, რომ მანიფესტურ კინოზე მუშაობა არ ეშინოდათ, მრავალწლიან პროცესში ჩართულები იყვენენ, ფილმი კი თავად ხელისუფლებამ გააგზავნა კანის ფესტივალზე.