"იმის თქმა, რომ ძალადობრივი ჯგუფები აქციაზე მობილიზებულები იყვნენ ეკლესიის მიერ, არის ტყუილი. იქ იყვნენ ეკლესიის წარმომადგენლები, მრევლი, მაგრამ ძალადობრივი ჯგუფები იყვნენ პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათ მიერ წახალისებული პირები", — ეს განცხადება ლელო საქართველოსთვის ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, ფორმულას ეთერში 5-6 ივლისს განხორციელებულ ძალადობაზე საუბრისას გააკეთა.

ის ამბობს, რომ კონკრეტული სასულიერო პირების ქმედებების ეკლესიასა და საპატრიარქოზე განზოგადება არ შეიძლება და მიზანმიმართულად ხდება ეკლესიისთვის ზიანის მიყენება, რაც მისივე შეფასებით, სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენებას ნიშნავს.

"ძალადობა სრულად დასაგმობია, მაგრამ ის აგრესია მეორე მხრიდან, რომ განაზოგადონ კონკრეტული სასულიერო პირების გამონათაქვამები და ეკლესიას დასდონ ბრალი, სრულიად მიუღებელია", — ამბობს ჯაფარიძე.

რაც შეეხება ერთ-ერთ მთავარ კითხვას, თუ სად იყო ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობისას ოპოზიცია, ჯაფარიძის აზრით, "ოპოზიცია პოლიციის ფუნქციას ვერ შეასრულებდა".

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5-6 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. 5 ივლისს დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს და მომდევნო დღეებში გავრცელდა.

6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია გაიმართა, სადაც მოძალადეები მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც. პოლიცია მოძალადეებს აკავებდა, თუმცა საღამოს, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები ტერიტორიიდან გაიყვანა და მოძალადე ჯგუფები რუსთაველზე შუეშვა. მათ მეორედ ჩამოგლიჯეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა.

ამ ძალადობრივი მოვლენების გამო, სამოქალაქო საზოგაოდებისა და ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რადგან მან ვერ უზრუნველყო მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა.