შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ძალადობრივი მოვლენებიდან 3 დღის შემდეგ ამბობს, რომ ჟურნალისტებზე ძალადობას გმობს. ის იდიოტიზმს უწოდებს მოსაზრებას, თითქოს გასცა ბრძანება, რომ ჟურნალისტები ეცემათ და პოლიციას არ დაეცვა.

"ერთხელაც თუ შემაწყვეტინებთ მოვტრიალდები და წავალ. გავიგეთ, რომ არ იყო პოლიცია და მე ბრძანება გავეცი, რომ ჟურნალისტები ცემონ და თქვენ ხელი არ გაანძრიოთ. არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ამ ადამიანებს... ნუ მაწყვეტინებთ, თორემ მოვტრიალდები, წავალ, რომ ვთქვი, ასე გავაკეთებ.

ვითომ გომელაურმა გასცა ბრძანება, ვითომ ჟურნალისტები ცემონ — ეს იდიოტიზმია, უკაცრავად, არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო სახელი და გვარები დავასახელო. როგორ შეიძლება, რაც არ უნდა, ვინც არ უნდა იყოს, სუსტი თუ ძლიერი მინისტრი, თუ ხელისუფლება, ასეთი რაღაც გააკეთოს. ასეთი რაღაცა არ მომხდარა სამწუხაროდ, რომ ასეთი აგრესია წამოსულიყო ჟურნალისტებისკენ", — განაცხადა მან.

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5-6 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. 5 ივლისს დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს და მომდევნო დღეებში გავრცელდა.

6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია გაიმართა, სადაც მოძალადეები მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც. პოლიცია მოძალადეებს აკავებდა, თუმცა საღამოს, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები ტერიტორიიდან გაიყვანა და მოძალადე ჯგუფები რუსთაველზე შეუშვა. მათ მეორედ ჩამოგლიჯეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა.

ამ ძალადობრივი მოვლენების გამო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რადგან მან ვერ უზრუნველყო მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა.