უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ქეთევან მესხიშვილის განცხადებით, სასამართლოში არსებობს "იდეურად დაკავშირებული ჯგუფი", თუმცა დამოუკიდებელი მოსამართლისთვის ის პრობლემა არ არის.

საპარლამენტო მოსმენისას, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის შესახებ კითხვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა დაუსვა.

"ნებისმიერი დამოუკიდებელი ინსტიტუციისთვის დამახასიათებელია იდეურად დაკავშირებული ჯგუფი, მაგრამ, თავის მხრივ, იდეურად დაკავშირებული ჯგუფი, ვერაფერს ვერ იზამს, თუ მოსამართლე აღჭურვილია ყველა ბერკეტით იმისთვის, რომ იყოს ინდივიდუალურად დამოუკიდებელი.

დღეს მოსამართლეები ვართ აღჭურვილი კანონმდებლობით დამოუკიდებლობის ყველა ბერკეტით. ამიტომ ჩვენზე, მოსამართლეებზე არის დღეს დამოკიდებული რაიმე სახის ჯგუფი იარსებებს თუ არ იარსებებს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, ინდივიდუალურად დამოუკიდებელ მოსამართლეებს, რომლებსაც ჩვენ სახელმწიფომ მოგვცა უვადობის გარანტია და ხელშეუხებლობის გარანტია, ჩვენ შეგვიძლია, რომ აი ამ მოცემულობას დავუსვათ წერტილი იმ თვალსაზრისით, რომ აღარანაირი შეკითხვა არ დაისვას იდეურად დაკაშირებული ჯგუფის სიძლიერესთან დაკავშირებით", — განაცხადა ქეთევან მესხიშვილმა.

გიორგი ამილახვარმა მას სთხოვა გაეცა კონკრეტული პასუხი და ეპასუხა მხოლოდ კი ან არა, რაზეც მესხიშვილმა უპასუხა, რომ ამ კითხვაზე კი ანა არა პასუხის გაცემა შუძლებელია. ამილახვარისთვის გაუგებარი აღმოჩნდა რატომ უჭირს მოსამართლეობის კანდიდატს, რომელიც თავს დამოუკიდებლად მიიჩნევს, სასამართლო სისტემაში გავლენების ჯგუფის არსებობის შესახებ კონკრეტული პასუხის გაცემა. მან მესხიშვილს ჰკითხა, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ "სასამართლოში ყველაფერი არის მეტ-ნაკლებად ნორმალურად".

"იდეურად დაკავშირებული ჯგუფი არსებობს, მაგრამ, ეს დამოუკიდებელი მოსამართლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს", — უპასუხა ქეთევან მესხიშვილმა და ამით საკითხის განხილვა დასრულდა.

უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტში მესამე დღეა უსმენენ. განხილვებში მონაწილეობას არ იღებს საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი. კანდიდატთა მოსმენაზე უარი თქვა სახალხო დამცველმაც. ნინო ლომჯარიამ ამ გადაწყვეტილების მიზეზად სწორედ სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის ერთპიროვნული მმართველობა დაასახელა.

გაიგე მეტი: