თბილისი პრაიდის დამფუძნებლის, გიორგი თაბაგარის განცხადებით, მართალია, მარში ვერ ჩაატარეს, თუმცა 6 ივლისს ხმამაღლა თქვეს, რომ თავს დამარცხებულად არ გრძნობენ. მისი თქმით, დროშებიც ააფრიალეს, ერთმანეთიც გააძლიერეს და სწორედ ეს არის პრაიდის მთავარი არსიც.

"შიშის დათესვის და დატრიალებული ძალადობის მიუხედავად, გუშინ უამრავი ქვიარი იდგა მედგრად პარლამენტთან და უნდა ითქვას, რომ თითოეული მათგანის იქ ყოფნა სიცოცხლის რისკებთან იყო დაკავშირებული. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჰიმნიც ვიმღერეთ, დროშებიც სიამაყით ვაფრიალეთ და ერთმანეთიც გავაძლიერეთ. ხოდა ესაა პრაიდის მთავარი არსი ხალხო, სხვა რა გგონიათ?", — წერს ის.

5-6 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციები გაიმართა, სადაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. ძალადობრივი აქციები თბილისი პრაიდის მიერ დაანონსებული ღირსების მარშის წინააღმდეგ ჩატარდა. 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარში ვერ შედგა, თუმცა, მეორე დღეს, ჟურნალისტებზე ძალადობის დასაგმობად მოქალაქეები მდუმარე აქციაზე შეიკრიბნენ. მათ შეუერთდნენ პრაიდის ორგანიზატორებიც, რომლებმაც ლგბტ დროშა გაშალეს და ფერადი კვამლი გაუშვეს. პრაიდი ჯებირებს მიღმა მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფების გინებისა და მუქარების ფონზე მაინც შედგა. აქციის დასრულების შემდეგ პრაიდის წევრებმა და ჟურნალისტებმა ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვეს.

გაიგე მეტი: