სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ახარებს ის ფაქტი, რომ საარჩევნო რეფორმების კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლაა მიღწეული, თუმცა ამბობს, რომ იგივეს ნახვას ისურვებდა სასამართლო რეფორმისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესთან დაკავშირებით.

"მახარებს ის ფაქტი, რომ საარჩევნო რეფორმის კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა არის მიღწეული და ასევე, მინდა ვიხილო სასამართლო რეფორმისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესთან დაკავშირებით", — განაცხადა განაცხადა ვარჰეიმ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატს წარუდგინა. კერძოდ, გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე, ლაშა გოჩიაშვილი. საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი On.ge-სთან დადებითად აფასებს ქეთი მესხიშვილისა და ეკა ზარნაძის წარდგენას, თუმცა ამბობს, რომ ამ მოდელით უმრავლესობაში კვლავ ე.წ. კლანი რჩება, კარგი მოსამართლეები კი — უმცირესობაში.

აღსანიშნავია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სასამართლო რეფორმას ეხება. შეთანხმების მიხედვით, არსებული წესით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან თავი უნდა შეიკავონ. ამასთან, მითითებულია, რომ პარლამენტს უნდა წარედგინოს უზენაეს სასამართლოში დანიშვნის კანონპროექტი, სადაც გათვალისწინებული იქნება 2019 წელს გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის დასკვნა, ღია კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ამ უკანასკნელის ნომინაციების დასაბუთების აუცილებლობა.

ასევე, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმა გამჭვირვალობის, მთლიანობის და სანდოობის მიზნით, მათ შორის დანიშვნებში, შეფასებებში, დაწინაურებებში, ტრანსფერებში, შედგენილია ზომები და საჩივრები, რომლებიც წარედგინება ვენეციის კომისიას და ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) მოსაზრებისთვის და რეკომენდაციებისთვის, რაც სრულად უნდა შესრულდეს.