სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებით, შარლ მიშელის მედიატორობით დადებულ 19 აპრილის შეთანხმებას ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი.

"ძალიან გამიხარდა საქართველოს პარლამენტის წევრებთან შეხვედრა, მიხარია რომ შევსებულია საქართველოს პარლამენტი და პარლამენტარები დაბრუნდნენ იქ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ — პარლამენტში, სადაც პოლიტიკური დებატები უნდა წარმოებდეს. ახლა ჩვენ გვჭირდება ყველა პოლიტიკური პარტიის გაერთიანება იმისათვის, რომ შეთანხმება განხორციელდეს. ყველა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი შეთანხმებას. ყველას ჩართულობა გვჭირდება", — განაცხადა ვარჰეიმ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, ოპოზიციის ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა და 27 აპრილს პარლამენტში შევიდა. დოკუმენტს ამ დრომდე ხელს ნაციონალური მოძრაობა არ აწერს. პარტიამ მხოლოდ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.