ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას აკრიტიკებენ ბოლო დღეებში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გამო და 2024-ში ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანისთვის საჭირო კრიტერიუმებს ახსნებენ. 3 ევროპარლამენტარის ხელმოწერილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში მკაფიოდ არ დააფიქსირა თავისი პოზიცია ჰომოფობიის წინააღმდეგ.

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ გუშინდელ (5 ივლისის) ძალადობრივ თავდასხმებს აქტივისტებზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და ჟურნალისტებზე, რამაც სამწუხაროდ ლგბტ თემის ღირსების მარშის იძულებითი გაუქმება გამოიწვია. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ და რელიგიურმა წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს ხმამაღლა და მკაფიოდ დაეფიქსირებინათ თავისი პოზიცია ჰომოფობიური რიტორიკის წინააღმდეგ მარშის წინა პერიოდში. ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველოს მთავრობას არ აღმოაჩნდა საკმარისი მზაობა, ამ ღონისძების უსაფრთხოება უზურნველეყო, რომელიც ტოლერანტობისადმი იყო მიძღვნილი.

ისევე, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, ლგბტქი+ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ თავისი კონსტიტუციური უფლებებით, ისეთებით, როგორიცაა — მშვიდობიან მანიფესტაციაში მონაწილეობა", — წერია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ ევროკავშრის წევრობისთვის საქართველო უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტულ კრიტერიუმებს, რომელიც უმცირესობების უფლებების დაცვასაც გულისხმობს.

"საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ 2024 წელს აპირებს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შემოიტანოს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვინდა შევახსენოთ, რომ კოპენჰაგენის კრიტერიუმები გულისხმობს, რომ წევრ ქვეყანას უნდა ჰქონდეს სტაბილური ინსტიტუტები, გარანტირებული დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის და უმცირესობების უფლებები უნდა იყო დაცული.

ჩვენ მოველით, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ზემოთხსენებული თავდასხმების ჩამდენ პირებ დააკავებენ და კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს", — წერია განცახდებაში.

განცხადებას ხელს აწერენ მარინა კალიურანდი, ვიოლა ფონ კრამონი და სვენ მიქსერი.

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5-6 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. 5 ივლისს დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დღის ბოლოს შსს-მ თქვა, რომ დაკავებული იყო მხოლოდ 8 პირი და ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით. 6 ივლისს ცნობილი გახდა სამი ადამიანის დაკავების შესახებ, ხოლო 7 ივლისს კიდევ 4 ადამიანი დააკავეს. მათ ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებს: ძალადობასა და ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლას.

6 ივლისის აქციაზე პოლიცია მოძალადეებს აქტიურად აკავებდა, თუმცა ისინი მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც. ჯამში 6 ივლისის ღამეს შსს-მ ადმინისტრაციული წესით 100 ადამიანი დააკავა, დილით 68 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 32 კი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.

ძალადობრივი აქციები თბილისი პრაიდის მიერ დაანონსებული ღირსების მარშის წინააღმდეგ ჩატარდა. 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარში ვერ შედგა, თუმცა, მეორე დღეს, ჟურნალისტებზე ძალადობის დასაგმობად მოქალაქეები მდუმარე აქციაზე შეიკრიბნენ. მათ შეუერთდნენ პრაიდის ორგანიზატორებიც, რომლებმაც ლგბტ დროშა გაშალეს და ფერადი კვამლი გაუშვეს. პრაიდი ჯებირებს მიღმა მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფების გინებისა და მუქარების ფონზე მაინც შედგა. აქციის დასრულების შემდეგ პრაიდის წევრებმა და ჟურნალისტებმა ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვეს.

გაიგე მეტი: