გუშინ, 6 ივლისს, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ფაქტს On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.

მაჩალიკაშვილის ადვოკატის, მარიამ პატარიძის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავებულია პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის მუხელბით და ამჟამად დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

ადვოკატი On.ge-ს დაკავების დეტალებს უყვება:

"ჩიტაძის ჩამოსასვლელთან აღმართული ჯებირების მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის თავისუფლებისთვის მხარეს იმყოფებოდა ეს ადამიანი. მას შემდეგ, რაც მისი იდენტიფიცირება მოხდა, ამ ჯებირს მიღმა არსებულმა ძალადობრივი დაჯგუფების წევრებმა დაიწყეს მისი მისამართით რაღაც საგნების სროლა, გინება, ცდილობდნენ ფიზიკურ დაპირისპირებაში შესულიყვნენ, რა დროსაც მოვიდა პოლიცია და ვახა გაიყვანა", — აცხადებს პატარიძე.

მისი თქმით, მაჩალიკაშვილს ეგონა, რომ პოლიცია მის დაცვასა და სიტუაციიდა გარიდებას ცდილობდა, რეალურად კი აღმოჩნდა, რომ იგი დააკავეს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ შსს-სგან მიეღოთ ინფორმაცია მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძვლებისა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ადვოკატს საქმის მასალები ამ დრომდე არ გადასცემია.