ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, დაბინძურებული გარემო ყოველწლიურად 1,7 მილიონ 5 წლამდე ასაკის ბავშვს კლავს. ანგარიში დღეს გამოქვეყნდა.

ახალი მონაცემებით, 1 თვიდან 5 წლამდე დაღუპული ბავშვებიდან, ყოველი მეოთხეს სიკვდილის მიზეზი დაბინძურებული გარემოა.

CNN-ის ინფორმაციით, ბავშვების სიკვდილის გამომწვევ დაბინძურებულ გარემოს ქმნის შეუმოწმებელი წყალი, დაბალი ხარისხის ჰიგიენა, სანიტარიის სიმცირე, დაბინძურებული გარემო სახლში და მის გარეთ.

ბავშვების სიკვდილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საერთო მიზეზია დიარეა, მალარია და პნევმონია. მათი თავიდან აცილება ინსექტიციდებით დამუშავებული საწოლის ბადეების, სამზარეულოში უსაფრთხო საწვავისა და სუფთა წყლის გამოყენებით შეიძლება.

"დაბინძურებული გარემო მომაკვდინებელია, განსაკუთრებით პატარებისთვის. მათი ორგანიზმი და იმუნური სისტემა განვითარების პერიოდში ბავშვებს განსაკუთრებით დაუცველად აქცევს, დაბინძურებული ჰაერისა და წყლის წინაშე" - განაცხადა WHO-ს გენერალურმა დირექტორმა მარგარეტ ჩანმა.

2016 წელს, International Energy Agency-მა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც საქართველო პირველია ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიხედვით 100 ათას მოსახლეზე.