უთო საოჯახო საქმეების განუყოფელი ნაწილია. გაუთოებული ტანსაცმელი ხომ ბევრად უკეთ გამოიყურება, თუმცა უთო ბევრი სხვა პრობლემის გადასაჭრელადაც გამოდგება. ხის ზედაპირზე ჩარჩენილი ლაქები თუ ტანსაცმელზე დაკრული საღეჭი რეზინი, ხალიჩის გაახლება თუ ნაჭრის ცვილისგან გასუფთავება — უთოს შეუძლია საუკეთესო დამხმარედ იქცეს.

მაშ ასე, ნახეთ უთოს გამოყენების 7 კრეატიული და ძალზე საჭირო გზა.

1. ხის ავეჯიდან და იატაკიდან ლაქების მოშორება

ფოტო: bob vila

ყველას გვსურს, რომ ხის საგულდაგულოდ შერჩეული იატაკი თუ ავეჯი ახალივით გამოიყურებოდეს, თუმცა დროთა განმავლობაში მათ ისეთი ლაქები უჩნდებათ, რომლებსაც უბრალოდ წმენდა არ შველის. ამ პრობლემას უთო მარტივად მოგიგვარებთ. დაასველეთ დალაქავებული ადგილი, შემდეგ მასზე ტილო დააფინეთ და კარგად გაცხელებული უთო გადაატარეთ. ასე დალაქავებული ხე ახალს დაემსგავსება. თუ ხის ავეჯი ცხელი ჭიქის დადგმით დაგილაქავდათ, იგივე მეთოდს უნდა მიმართოთ. უბრალოდ, ამ დროს საშუალოდ ცხელი უთო გამოიყენეთ.

2. შელახული ხალიჩის გაახლება

ფოტო: bob vila

ავეჯის გადაადგილებისას ხალიჩაზე ლაქები რჩება. არის ისეთი ლაქებიც, რომელსაც მტვერსასრუტი ვერ უმკლავდება. უთო ამ დროსაც საუკეთესო დამხმარეა. შელახულ ადგილს ჩაის ტილო დააფინეთ, ჩართეთ უთო ორთქლის რეჟიმზე და ტილოს ზემოდან ნახევარი წუთის განმავლობაში გადაატარეთ, შემდეგ ხელით ან ჯაგრისით გაასწორეთ ადგილი და სულ ესაა.

3. ტანსაცმლიდან საღეჭი რეზინის მოცილება

ფოტო: Tom Dury

ტანსაცმელზე საღეჭი რეზინის მიკვრა ყველაზე უსიამოვნო რამ არის, თანაც ხშირად მის მოსაშორებლად ბევრი წვალება გვჭირდება, არადა ეს სულაც არაა რთული. ადგილი, რომელზეც საღეჭი რეზინია მიკრული, მუყაოს ნაჭერზე მოათავსეთ და მეორე მხრიდან საშუალოდ ცხელი უთოთი დაამუშავეთ (ძალიან ცხელი უთო არ გამოიყენოთ, რადგან ასე საღეჭი რეზინი სწრაფად დადნება და უარეს შედეგს მიიღებთ). როცა საღეჭი რეზინი დარბილდება ტანსაცმელი კარდონის ნაჭრისგან ფრთხილად გააცალკევეთ და ლაქა მუყაოზე დარჩება.

4. ნაჭრიდან ცვილის მოშორება

ფოტო: Pinterest

ცვილის მოცილებაც მარტივია: დალაქავებული ტანსაცმელი ნახევარი საათით გაყინეთ, შემდეგ ზედმეტი ცვილი სამართებლით გადაფხიკეთ, დარჩენილ ლაქას თხელი ქაღალდი დააფინეთ და ნელთბილი უთო გადაატარეთ. ცვილის ნარჩენებს ქაღალდი შეიწოვს და ტანსაცმელიც გასუფთავდება.

5. ტანსაცმლის ოფლის ლაქებისგან დაცვა

ფოტო: Dandi Patch

ტანსაცმლის ოფლის ლაქებისგან დაცვა მარტივად შეგიძლიათ. ამისთვის საბავშვო პუდრა დაგჭირდებათ — პუდრა ტანსაცმელს შიდა მხრიდან, იმ ადგილებში მოაფრქვიეთ, სადაც ოფლის ლაქები ჩნდება და შემდეგ უბრალოდ გააუთოვეთ ქსოვილი. ასე ნაჭერსა და კანს შორის დამცავი ბარიერი შეიქმნება და უსიამოვნო ლაქების პრობლემაც აღარ გექნებათ.

6. ტოსტის მომზადება მარტივად

ფოტო: Grilled Cheese Social

თუ ტოსტერი არ გაქვთ ან გაგიფუჭდათ და სამსახურში წასვლამდე წახემსება გინდათ, დროა უთოს შესაძლებლობებზე დაფიქრდეთ. მოსამზადებელი ტოსტი ფოლგით შეფუთეთ, საჭრელ დაფაზე დადეთ და ცხელი უთოთი დააწექით. გემრიელი ტოსტით დანაყრებას რამდენიმე წუთში შეძლებთ.

7. ყვავილების ჰერბარიუმის გაკეთება

ფოტო: bob vila

წიგნის ფურცლებში ყვავილების შემონახვა ბევრ ჩვენგანს ერთხელ მაინც უცდია, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, არადა შეგიძლიათ ყველაფერი ბევრად სწრაფად გააკეთოთ. ცვილის ქაღალდებს შორის ყვავილები მოათავსეთ, ზემოდან ნაჭერი დააფინეთ და მშრალი, გაცხელებული უთოთი გააუთოვეთ. ასე ლამაზ ხელოვნების ნიმუშს შექმნით, რომელიც სამახსოვროდ დიდხანს გაგყვებათ.

ალტა კომპიუტერული და საოჯახო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზიაა, რომელიც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობს და მომხმარებელს ათასობით პროდუქტს სთავაზობს. უთოს ხელსაყრელ ფასად შეძენას ალტაში შეძლებთ.