პარტია საქართველოს წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ პარლამენტში პრემიერმინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი უნდა მივიდნენ. მისი თქმით, მათ ბოლო 2 დღის მოვლენებზე დაგროვებულ კითხვებს უნდა უპასუხონ.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებლები ადამიანებისა და ქვეყნის ძალადობისგან დაცვაზე, მობრძანდნენ პარლამენტში და საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს გასცენ პასუხი. ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს", — განაცხადა მან.

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5-6 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. 5 ივლისს დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დღის ბოლოს შსს-მ თქვა, რომ დაკავებული იყო მხოლოდ 8 პირი და ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით. 6 ივლისს ცნობილი გახდა სამი ადამიანის დაკავების შესახებ, ხოლო 7 ივლისს კიდევ 4 ადამიანი დააკავეს. მათ ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებს: ძალადობასა და ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლას.

6 ივლისის აქციაზე პოლიცია მოძალადეებს აქტიურად აკავებდა, თუმცა ისინი მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც. ჯამში 6 ივლისის ღამეს შსს-მ ადმინისტრაციული წესით 100 ადამიანი დააკავა, დილით 68 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 32 კი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.

ძალადობრივი აქციები თბილისი პრაიდის მიერ დაანონსებული ღირსების მარშის წინააღმდეგ ჩატარდა. 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარში ვერ შედგა, თუმცა, მეორე დღეს, ჟურნალისტებზე ძალადობის დასაგმობად მოქალაქეები მდუმარე აქციაზე შეიკრიბნენ. მათ შეუერთდნენ პრაიდის ორგანიზატორებიც, რომლებმაც ლგბტ დროშა გაშალეს და ფერადი კვამლი გაუშვეს. პრაიდი ჯებირებს მიღმა მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფების გინებისა და მუქარების ფონზე მაინც შედგა. აქციის დასრულების შემდეგ პრაიდის წევრებმა და ჟურნალისტებმა ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვეს.

გაიგე მეტი: