ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, მედიცინის დოქტორი, კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი, ვილი პაჭკორია მიიჩნევს, რომ ცესკოს სჭირდება ქირურგიული მიდგომა და და სწორედ ამიტომ სურს ამ პოსტის დაკავება. ამის შესახებ მან დღეს ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის შესარჩევ გასაუბრებაზე განაცხადა.

"ქირურგი საოპერაციო ველზე მუშაობისას გახლავთ საკმაოდ მკაცრი, სპეტაკი; მეორე, მის მიერ განხორციელებული თითოეული ქმდება არის რამდენჯერმე გათვლილი და მესამე, ქირურგიაში შეცდომა დაუშვებელია", — ამბობს ის.

ამასთან, ის საკუთარი სურვილის მთავარ არგუმენტად ასახელებს საზოგადოების დაღლას "არჩევნები გაყალბდას" ძახილით.

"და მთავარი, დარწმუნებული ვარ, უმრავლეს თქვენგანს მოსმენილი ექნება პატრიარქის შესანიშნავი, გულშიჩამწვდომი საგალობელი "დავიღალე". დიახ, მეგობრებო, დავიღალეთ, 30 წელია ვიძახით "გაყალბებული არჩევნები". ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ ამას და ჩავატაროთ სწორედ გამჭვირვალე, თავისუფალი, დემოკრატიული, სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები", — ამბობს ვილი პაჭკორია.

გასაუბრებისას მას საარჩევნო კანონმდებლობის კუთხით დაუსვა კითხვა საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს წარმომადგენელმა, ლევან ნატროშვილმა, იცნობს თუ არა ბოლოს საარჩევნო ცვლილებებს და როგორ აფასებს. პაჭკორიამ კი უპასუხა, რომ იცის, ცვლილებები რომ მუშავდება და ელოდება, როდის მიიღებენ, საბოლოო რედაქციას რომ გაეცნოს. ლევან ნატროშვილმა კი განუმარტა, რომ ცვლილებები უკვე სამივე მოსმენით არის მიღებული და შეუძლია, გაეცნოს.

ცესკოს თავმჯდომარე და წევრები კომისიამ განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე უნდა აირჩიოს. კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარდგენის ვადა უკვე დასრულდა და დღეიდან კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო. ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის კანდიდატების სია ასეთია:

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები

  1. ვილი პაჭკორია;
  2. მაია გურამიშვილი;
  3. გიორგი კალანდარიშვილი;
  4. ლილი ბეგიაშვილი;
  5. იმედა კლდიაშვილი;
  6. გიორგი სანტურიანი;
  7. ილია ჭანტურაია;
  8. ბონდო გასვიანი;
  9. გულნარა გიგიბერია;
  10. ვლადიმერ მალოვიჩკო-დგებუაძე;
  11. ლიანა გაბისონია.

ცესკო-ს წევრობის კანდიდატები

  1. ემზარ კაკულია;
  2. გია ცაცაშვილი;
  3. კონსტანტინე ჩიტანავა;
  4. ლელა ტალიური;
  5. თამაზ თაყაძე;
  6. ანა მიქელაძე;
  7. მერი აფხაზავა;
  8. მარი კაპანაძე;
  9. არჩილ მდივნიშვილი;
  10. გულქანი ქურასბედიანი;
  11. გიორგი მარსაგიშვილი;
  12. ქეთევან მიქელაძე;
  13. ინგა მათიაშვილი;
  14. მაია ზარიძე;
  15. თამარა სართანია;
  16. აკაკი ხუსკივაძე;
  17. ვალერიან მაისურაძე.

გაიგე მეტი: