კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის წევრი და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრა, სადაც მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის დაარსება დაანონსდა, მთავრობის მხრიდან მედიაში პრობლემის აღიარებას ნიშნავს.

"ჩვენ სისტემატურად პრობლემური მედიაგარემო გვაქვს და ამაზე მუშაობა გვჭირდება. მსგავსი იდეები ჩნდებოდა მაშინ, როდესაც მედიაში მნიშვნელოვანი პრობლემები იყო. დღეს იმის თქმა, კარგია, თუ ცუდია ეს ინიციატივა - არ შეიძლება, თუ არ გვეცოდინება რა მანდატი ექნება მას: ისეთი, როგორიც სახალხო დამცველს აქვს, თუ რამე დამატებითი," - უთხრა On.ge-ს კუპრაშვილმა.

მისი თქმით, ის პირები, რომელთა ჩართულობაზეც პრემიერმინისტრმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა, მედიისთვის არსებულ პრობლემებზე დღესაც საუბრობენ. კუპრაშვილი აღნიშნავს, რომ მედიაომბუდსმენის მანადატებზე დღევანდელ შეხვედრაზე არ უსაუბრიათ. თუმცა, ამ შეხვედრაზე გაირკვა, რომ სამოქალაქო სექტორიც და ხელისუფლებაც მზადაა, იმუშაონ მედიის პრობლემებზე:

"შესაძლოა, ეს იყოს დღევანდელი მდგომარეობის მცდელობა, თუმცა, სიტუაციის საუკეთესო განმუხტვის საუკეთესო სიტუაცია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელმაც შეაჩერა რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება".