რამდენიმე დღეა, ინტერნეტსივრცე Victoria's Secret-ის ყოფილი მოდელის, ბრიჯიტ მალკოლმის ტრავმულმა გამოცდილებამ აალაპარაკა, რომელიც 29 წლის ბრიჯიტმა გამომწერებს ინსტაგრამზე ვიდეოს სახით გაუზიარა. მოდელმა სექსუალურ ძალადობაზე, სამოდელო სააგენტოებისგან ზეწოლაზე და იმ მენტალურ პრობლემებზე ისაუბრა, რომელთან გამკლავებაც ამ ყველაფრის შემდეგ მოუწია.

ბრიჯიტის თქმით 18 წლამდე 3 ქვეყანაში ცხოვრება და ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზე მოგზაურობა უწევდა. მოდელმა აღნიშნა, ამ დროის განმავლობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი რამდენჯერმე გახდა.

ბრიჯიტმა წონის დასაკლებად აგენტებისა და სამოდელო სააგენტოების ზეწოლაზეც ისაუბრა:

"ჩემი აგენტი წონის დასაკებლად კოკაინის მოხმარებას მთავაზობდა. როდესაც ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ვიყავი, მეუბნებოდნენ, რომ სექსი ხშირად უნდა მქონოდა, რომ წონაში დამეკლო", — ამბობს ბრიჯიტი.

ბრიჯიტ მალკოლმი Victoria's Secret-ის 2015 წლის შოუზე.

ფოტო: Getty images

მოდელის თქმით, მალევე მედიკამენტებზე დამოკიდებული გახდა. ამას დაემატა დეპრესია, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, შფოთვა და ანორექსია. 26-ე დაბადების დღეზე პანიკური შეტევა ჰქონდა, რის შემდეგაც სახლიდან გასვლა 1 წლის განმავლობაში უჭირდა.

ბრიჯიტმა აღნიშნა, რომ დღემდე ამ ისტორიების სხვებისთვის გაზიარება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის გამო არ შეეძლო. საბედნიეროდ, მან სპეციალისტებისგან დახმარება მიიღო და ახლა თავს უკეთ გრძნობს.

"ბედნიერი ვარ, გაწონასწორებული ვარ, ძლიერი ვარ და ასე კარგად თავი არასდროს მიგრძვნია", — ამბობს ის.

ბრიჯიტის თქმით, აღნიშნულ გამოცდილებაზე ლაპარაკი ახლა უკვე შეუძლია და იმედოვნებს, რომ საკუთარი ისტორიის გაზიარებით მოდის ინდუსტრიის შეცვლაში გარკვეულ წვლილს მაინც შეიტანს.

"მე ერთ-ერთი იღბლიანი მოდელი ვარ, რომელსაც მოდის ინდუსტრიაში ხანგრძლივი კარიერა ჰქონდა, თუმცა ჩემი სამუშაო ძალადობას არ უნდა ითვალისწინებდეს", — აღნიშნავს ბრიჯიტი.

ბრიჯიტი Victoria's Secret-ის 2015 და 2016 წლის შოუებში იღებდა მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ბრიჯიტმა საზოგადოებას გაუმხილა, თუ რატომ უთხრა Victoria's Secret-მა 2017 წლის შოუში მონაწილეობაზე უარი. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ბრიჯიტს წინა წელთან შედარებით უფრო დიდი ზომის ბიუსტჰალტერი სჭირდებოდა. მოდელს Victoria's Secret-ის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა, ედ რაზეკმა უთხრა, რომ მისი სხეული საკმარისად კარგად არ გამოიყურებოდა.