საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ვითარება ძალისმიერი მეთოდების გარეშე დაარეგულიროს.

"პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ძალისმიერი მეთოდების გარეშე, მშვიდ ვითარებაში დაარეგულიროს სიტუაცია და ასეც არის", — განაცხადა სირაძემ ჟურნალისტებთან.

რუსთაველის გამზირზე დაძაბულობაა. ამ წუთებში პარლამენტთან ორი აქცია მიმდინარეობს. მდუმარე აქციის, სახელწოდებით #თავისუფლებისთვის, მონაწილეები 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას აპროტესტებენ. აღნიშნულ აქციას შეუერთდა თბილისი პრაიდიც.

პარალელურად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წევრები ქაშუეთთან არიან შეკრებილები და სავარაუდოდ, პიროტექნიკას ისვრიან. ისინი მდუმარე აქციის მონაწილეებს, ასევე, ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ძალადობრივმა ჯგუფებმა პოლიციას, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეიც შეასხეს.