პარლამენტთან მიმდინარე აქციის ფონზე შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

"შსს-ს თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. ადგილზე მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შსს-ს ყველა შესაბამისი დანაყოფები. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს — შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რუსთაველის გამზირზე დაძაბულობაა. ამ წუთებში პარლამენტთან ორი აქცია მიმდინარეობს. მდუმარე აქციის, სახელწოდებით #თავისუფლებისთვის, მონაწილეები 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას აპროტესტებენ. აღნიშნულ აქციას შეუერთდა თბილისი პრაიდიც.

პარალელურად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წევრები ქაშუეთთან არიან შეკრებილები და სავარაუდოდ, პიროტექნიკას ისვრიან. ისინი მდუმარე აქციის მონაწილეებს, ასევე, ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ძალადობრივმა ჯგუფებმა პოლიციას, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეიც შეასხეს.