რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი მოქალაქეები სპეცრაზმის გამოყვანას ითხოვენ, რადგან ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები მათი მიმართულებით კვერცხებს, ქვებით სავსე ბოთლებს, ქვებს, რკინებს, პიროტექნიკას ისვრიან.

ძალადობრივმა ჯგუფებმა რამდენიმე პოლიციელს სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი შეასხეს. ამასთან, არსებობს ინფორმაცია ერთი პოლიციელის დაშავების შესახებ, რომლის დაზუსტებასაც On.ge-შსს-ში ცდილობს. ჰომოფობიური ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენიმე ჟურნალისტს.

ტერიტორიაზე მისული საპატრულო პოლიციის უფროსისგან, ვაჟა სირაძისგან მოქალაქეებმა სპეცრაზმის გამოყვანა მოითხოვეს, თუმცა სირაძეს მათთვის არ უპასუხია. პოლიცია ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეებს პერიოდულად აკავებს, თუმცა შეწყვეტისთვის სხვა ზომებს არ იღებს.

რუსთაველზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შსს-მ, სადაც მოქალაქეებს მოუწოდა დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. გარდა ამისა, გააფრთხილა ორივე აქციის ორგანიზატორები, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერები, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

დღეს, 6 ივლისს 20:00 საათზე პარლამენტთან მდუმარე აქცია გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დააანონსა. აქციას პოლიტიკური მოძრაობა დროა, ლელო და ევროპული საქართველოც შეუერთდნენ. რუსთაველის გამზირზე მივიდნენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. ისინი 5 ივლისს რუსთაველზე მომხდარ ძალადობას აპროტესტებდნენ, სადაც თბილისი პრაიდს ღირსების მარშიც ჩატარების საშუალება არ მიეცა, ხოლო ჟურნალისტებს თავს დაესხნენ დაუზიანეს ტექნიკაც.

აქციას შეუერთდა თბილისი პრაიდიც. ლგბქტ აქტივისტებმა პარლამენტთან დროშა გაშალეს და ცაში ფერადი კვამლი გაუშვეს.

პრაიდის კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, თუმცა თბილისი პრაიდმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ღირსების მარში სოლიდარობისთვის 5 ივლისს აღარ ჩატარდება. აქამდე კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება და ფესტივალი ჩატარდა, რომლის ჩაშლა ჰომოფობებმა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ. ორივე შემთხვევაში პერიმეტრს პოლიცია იცავდა.

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5 ივლისს 53 ჟურნალისტი დაშავდა. დაშავებულები არიან 6 ივლისსაც, თუმცა ამ დროისთვის ზუტი ინფორმაცია უცნობია. 5 ივლისს დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დღის ბოლოს კი, შსს-მ თქვა, რომ დაკავებული იყო მხოლოდ 8 პირი და ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით. 6 ივლისს ცნობილი გახდა კიდევ სამი ადამიანის დაკავების შესახებ, რომლებსაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებს: ძალადობასა და ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლას ედავებიან. რაც შეეხება 6 ივლისის აქციას, ამ შემთხვევაში პოლიცია მოძალადეებს აქტიურად აკავებდა, თუმცა ისინი მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც.

ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის წინ, ქაშუეთის ეკლესიასთან და რუსთაველის თეატრთან შეიკრიბნენ და იმუქრებოდნენ, რომ ღირსების მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ. ისინი თავს დაესხნენ სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებს, ასევე, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი საშუალება შეაგდეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

ამ კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არიან: საპატრიარქო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პრორუსული ალტ-ინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფები. გარდა ამისა, ეკლესიის ორგანიზებით შეკრებაზე მიიყვანეს ბავშვებიც. საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.

პრაიდს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში აკრედიტებულმა არაერთმა საელჩომ, ასევე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსებმა — კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა. ასევე, პრაიდს მხარს უჭერენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსები. თუმცა, პრაიდს არ აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა. მათი ლიდერები ჰომოფობიურ და ძალადობის წამხალისებელ განცხადებებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.