ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ეკონომიკის 10-წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაცია გამართა, სადაც ტურიზმის არსებულ მაჩვენებლებსა და პროგნოზებზეც ისაუბრა. მინისტრის თქმით, საქართველო 2030 წლისთვის 13-14 მილიონ უცხოურ ვიზიტორს უმასპინძლებს, რომლებიც ქვეყანაში 6,5 მილიარდ დოლარს დახარჯავენ.

"ტურიზმის აღდგენის კარგი მაჩვენებლები გვაქვს. ჩვენი მიზანია, 2025 წელს 4,24 მილიარდი დოლარის შემოსავალი შემოვიდეს ტურიზმიდან — 2019 წლისთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების რაოდენობა იყო 3,3 მილიარდი დოლარი და ეს იყო რეკორდული წელი. 2030 წლისთვის ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავაორმაგოთ 2019 წლის რეკორდული მაჩვენებელი და ტურიზმიდან მივიღოთ 6,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი.

რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, ჩვენი პროგნოზისა და სტრატეგიის შედეგად, 2025 წელს საქართველო უმასპინძლებს 10 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს, ხოლო 2030 წლისთვის ვფიქრობთ, რომ, სულ მცირე, 13-14 მილიონი ტურისტი ესტუმრება საქართველოს", — განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრია მნიშვნელოვნად დააზარალა. 2020 წელს უცხოური ვიზიტების რაოდენობა წლიურად 80%-ით შემცირდა და 1,5 მილიონი შეადგინა. შესაბამისად, შემცირდა ტურიზმიდან შემოსული თანხებიც — ეროვნული ბანკის გათვლებით, გასულ წელს ტურიზმის სექტორმა უცხოელი ვიზიტორებისგან 2,7 მილიარდით ნაკლები, 541,7 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მონაცემებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოში სულ 317 462 უცხოური ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემს 73,3%-ით ჩამორჩება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მაისის თვეში უცხოური ვიზიტების მაჩვენებელმა 104 755-ს მიაღწია.