თუ ვარსკვლავური ომების სამყარო და იაპონური ანიმე გიყვარს, შენთვის სასიხარულო ამბავი გვაქვს: 22 სექტემბერს Disney+ზე Star Wars: Visions-ის პრემიერა შედგება. Star Wars: Visions ანთოლოგიური სერიალია, რომელიც 9 დამოუკიდებელი ეპიზოდისგან შედგება. იაპონური ანიმესთვის დამახასიათებელი სტილითა და ანიმაციით შექმნილ თითოეულ სერიაში მოქმედება ვარსკვლავური ომების სამყაროში მიმდინარეობს.

ფოტო: Disney+

ახალი სერიალი ვარსკვლავური ომების შემქმნელი LucasFilm-ისა და იაპონური ანიმეს სხვადასხვა ცნობილი სტუდიების თანამშრომლობის შედეგია. აღნიშნული სტუდიები ისეთ ცნობილ ანიმეებზე მუშაობდნენ, როგორებიცაა Ghost in the Shell, Japan Sinks, Tokyo Magnitude 8.0 და Kill La Kill.

ფოტო: Disney+

პირველი თიზერით თუ ვიმსჯელებთ, ახალ სერიალში განსხვავებული სტილისა და ანიმაციის ეპიზოდებს ვიხილავთ. შთამბეჭდავი პირველი კადრები კი იმის მანიშნებელია, რომ წინ ძალიან საინტერესო სანახაობა გველის.

Star Wars: Visions-ის გამოსვლა ჯერ კიდევ გასულ სექტემბერს დაანონსდა და როგორც აღწერაში ვკითხულობთ, სერიალი ვარსკვლავური ომების სამყაროს იაპონელი ანიმეს შემქმნელების თვალით დაგვანახებს.

ფოტო: Disney+

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ისეთ პოპულარულ პლატფორმებზე, როგორებიცაა Netflix და Amazon Prime ანიმეს სულ უფრო და უფრო ხშირად ვხვდებით. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ რიცხვს მალე Disney+-იც შეუერთდება.