ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეებისგან სირცხვილიას, პრაიდის ოფისების დარბევისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომის აუცილებლობას ვერ ხედავს.

აღნიშნული თურნავამ TV პირველის ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა.

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქციაზე მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. მათ თავს ძალადობრივი ჯგუფები დაესხნენ და ტექნიკაც დაუზიანეს. ჟურნალისტების ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღის ბოლოს დაკავებულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უწყებაში ამბობენ, რომ ძალადობის შემთხვევა 55 პირის მიმართ გამოვლინდა, ამათგან 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია. რაც შეეხება დაკავებულებს, ადმინისტრაციული წესით 8 ადამიანის დაკავების შემდეგ, შსს-მ 6 ივლისს კიდევ 3 ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა. შსს-ს ინფორმაციით, ისინი მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე არიან დაკავებულები.

მედიის დაშავებული წარმომადგენლები კლინიკაში მოინახულა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა მათ სოლიდარობა გამოუცხადა, დაგმო ძალადობა და შეშფოთება გამოთქვა განვითარებული მოვლენების გამო.

თბილისი პრაიდის კვირეული 5 ივლისს ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, თუმცა თბილისი პრაიდმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ღირსების მარში სოლიდარობისთვის 5 ივლისს აღარ ჩატარდება. აქამდე კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება და ფესტივალი ჩატარდა, რომლის ჩაშლა ჰომოფობებმა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ. ორივე შემთხვევაში პერიმეტრს პოლიცია იცავდა.

ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის წინ, ქაშუეთის ეკლესიასთან და რუსთაველის თეატრთან შეიკრიბნენ და იმუქრებოდნენ, რომ ღირსების მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ.

ამ კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არიან: საპატრიარქო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პრორუსული ალტ-ინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფები. გარდა ამისა, ეკლესიის ორგანიზებით შეკრებაზე მიიყვანეს ბავშვებიც. საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.

პრაიდს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში აკრედიტებულმა არაერთმა საელჩომ, ასევე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსებმა — კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა. ასევე, პრაიდს მხარს უჭერენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსები. თუმცა, პრაიდს არ აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა. მათი ლიდერები ჰომოფობიურ და ძალადობის წამხალისებელ განცხადებებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.

ამავე თემაზე: