ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წერილით მიმართავს. ის მიიჩნევს, რომ არხზე ისეთი ნაკლებად რეიტინგული გადაცემები, როგორიცაა უცნობი მუსიკა და წითელი ზონა, არ უნდა დაიხუროს, რადგან მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს არაპოპულარული გადაცემების გაშვების ფუფუნება.

მუსიკოსს შედარება მოჰყავს და ამბობს, რომ მოცარტისა და ვერდის კომპოზიციების ეთერში გასვლისას, მისი მოსმენის მსურველები ცოტანი აღმოჩნდებიან, მათ შეიძლება მის მიერ აღნიშნულ გადაცემებზე ნაკლები რეიტინგი ჰქონდეთ:

"მსოფლიოს ყველაზე განვითარებად ქვეყნებში კულტურისა და განათლების შენარჩუნება-განვითარებაში საზოგადოებრივი მაუწყებლები გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ნამდვილი არაგასართობი ხელოვნების დაფასება და უმცირესობის მოთხოვნების გათვალისწინება კი თვით საზოგადოებისა და სახელმწიფო მხარდაჭერით ხორციელდება".

ყანჩელი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ ტელესივრცეში ისეთი წამყვანების მოღვაწეობა, როგორებიც არიან კახა თოლორდავა და გოგი გვახარია, საერთოდ არ უნდა განისაზღვრებოდეს რეიტინგით.

წერილს საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი კახა თოლორდავა აქვეყნებს.