ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი, იგივე Wikimedia UG Georgia, თბილისში განვითარებულ მოვლენებს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ეხმაურება.

"ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გმობს ყოველგვარ ძალადობას და მხარს უჭერს ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული".

ფოტო: IPN

ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე / ფორმულა

დღეს, თბილისში, პრაიდის კვირეულის ფინალური ღონისძიება, ღირსების მარში, უნდა გამართულიყო. თუმცა, საპატრიარქოს ჰომოფობიური მოწოდებებით და ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებული კონტრაქციის გამო მისი ჩატარება გაუქმდა. ამის მიუხედავად, შეკრებილმა ადამიანებმა ძალადობრივი ქმედებები მაინც განახორციელეს, უმეტესწილად, მედიის წარმომადგენლების მიმართ. ამ დროის მონაცემებით, დღეს 40-ზე მეტი ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა. მათი ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქო თავისივე დაორგანიზებულ ძალადობას მოგვიანებით გაემიჯნა, შეკრებილების ქმედებებმა სხვადასხვა სახე მოიცვა: არსებული ინფორმაციით, თბილისში ტურისტი საყურის ტარების გამო დაჭრეს, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წევრები ბავშვებსაც მისდევდნენ საცემად. ამ ყველაფრის შემდეგ კი, კონტრაქციის მონაწილეებმა რუსთაველზე იცეკვეს.

დღეს განვითარებული მოვლენები დაგმეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოფიციალურმა პირებმაც. Human Rights House Foundation-ის განცხადებით, "შოკირებული არიან, რომ ხელისუფლებამ ძალადობის აღკვეთა ვერ შეძლო". ISFED-ის შეფასებით კი, "სახელმწიფო მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს".

პრემიერმინისტრის განცხადებას, რომელმაც "მიზანშეუწონლად მიიჩნია მარშის ჩატარება", "ძალადობრივი და მშვიდობიანი ჯგუფების უფლებრივად გათანაბრება" და "ძალადობის წახალისება" უწოდა საქართველოს სახალხო დამცველმა.

სახელმწიფო ლიდერებსა და უწყებებს დაუყოვნებლივი მოქმედებისა და ადამიანების დაცვისკენ მოუწოდეს 21 ქვეყნის საელჩოდანაც.