პარტია მოქალაქეების ლიდერი და პარლამენტარი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჰომოფობიური ჯგუფებისგან ძალადობა ვერ აღკვეთა.

"ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე და ფოტოკორესპონდენტებზე თავდამსხმელები ყველანი უნდა დაისაჯონ! შსს-მ დღეს ვერ აღკვეთა ძალადობა, იქცეოდა უნიათოდ და ახლა მაინც უნდა დადგინდეს ყველა თავდამსხმელი და უნდა დაისაჯოს!" — წერს დეპუტატი ფეისბუქზე.

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქციაზე მედიის 40-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. მათ თავს ძალადობრივი ჯგუფები დაესხნენ და ტექნიკაც დაუზიანეს. ჟურნალისტების ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე არცერთი მოძალადე დაკავებული არ არის. სხვადასხვა მედიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიცია ჟურნალისტებს არიდებს მოძალადეებს, თუმცა თავდამსხმელებს არ აკავებს. ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უწყებაში არ პასუხობენ და მიგვითითებენ, რომ განცხადებით ვიხელმძღვანელოთ. უწყების განცხადებით, მომხდარზე გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლებით მიმდინარეობს.

მედიის დაშავებული წარმომადგენლები კლინიკაში მოინახულა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა მათ სოლიდარობა გამოუცხადა, დაგმო ძალადობა და შეშფოთება გამოთქვა დღეს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო.

თბილისი პრაიდის კვირეული დღეს, 5 ივლისს ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, თუმცა თბილისი პრაიდმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ღირსების მარში სოლიდარობისთვის დღეს აღარ ჩატარდება. აქამდე კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება და ფესტივალი ჩატარდა, რომლის ჩაშლა ჰომოფობებმა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ. ორივე შემთხვევაში პერიმეტრს პოლიცია იცავდა.

დღეს ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის წინ, ქაშუეთის ეკლესიასთან და რუსთაველის თეატრთან არიან შეკრებილები და იმუქრებიან, რომ ღირსების მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ.

ამ კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არიან: საპატრიარქო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პრორუსული ალტ-ინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფები. გარდა ამისა, ეკლესიის ორგანიზებით შეკრებაზე მიჰყავთ ბავშვებიც. საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.

პრაიდს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში აკრედიტებულმა არაერთმა საელჩომ, ასევე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსებმა — კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა. ასევე, პრაიდს მხარს უჭერენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსები. თუმცა, პრაიდს არ აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა. მათი ლიდერები ჰომოფობიურ და ძალადობის წამხალისებელ განცხადებებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.

ამავე თემაზე: