საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება თბილისი პრაიდთან და მის საწინააღმდეგო, ჰომოფობიურ აქციასთან დაკავშირებით კიდევ უფრო ახალისებს ძალადობას.

"უკიდურესად მიუღებელი იყო საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადება, რომლითაც მან პრაქტიკულად გაათანაბრა ძალადობრივი და მშვიდობიანი ჯგუფები უფლებრივად [...] განცხადებები, როდესაც ძალადობრივ ჯგუფებს ათანაბრებ უფლებრივად მშვიდობიან მოქალაქეებთან, ეს არის აპრიორი არასწორი და კიდევ ერთხელ, არის დამატებითი წახალისება ამ ჯგუფებისა, რომ იძალადონ", — განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის შეფასებით "პოლიტიკური სარჩულის მიკერება" პრაიდის მოვლენებთან, კიდევ უფრო ამძიმებს და ახალისებს ძალადობას.

პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნია ღირსების მარშის ჩატარება. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს ქაოსს და დაპირისპირებას, თუმცა დილიდან ძალადობრვი ჯგუფების წევრებმა ათობით ჟურნალისტს სცემეს და დაარბიეს რადენიმე ორგანიზაციისა და სამოქალაქო მოძრაობის ოფისი. აღსანიშნავია, რომ პოლიციას ამ დრომდე არცერთი მოძალადე არ დაუკავებია.

პრემიერმინისტრმა დღეს დაანონსებული, თუმცა უკვე გაუქმებული ღირსების მარში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირა.