თბილისი პრაიდის განცხადებით, ღირსების მარში სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება.

"თბილისი პრაიდის სახელით გვსურს განვაცხადოთ, რომ ღირსების მარში სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო ქვიარ თემისა და ჩვენი მხარდამჭერების უსაფრთხოება, არამედ აქტიური მოქმედებებით შეგვიშალა ხელი გვესარგებლა შეკრების უფლებით. ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიდეთ ხელისუფლების, საპატრიარქოსა და პრორუსული ძალების მიერ მხარდაჭერილი მოძალადეებით სავსე ქუჩაში და რისკის ქვეშ დავაყენოთ ადამიანების სიცოცხლე! ", — წერს თბილისი პრაიდი ფეისბუქგვერდზე.

თბილისი პრაიდი აცხადებს, რომ ხელისუფლების დღევანდელმა მოქმედებებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაანახა საზოგადოებას, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას არ სურს აღასრულოს მისი პირდაპირი მოვალეობა.

"პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის სამარცხვინო, ძალადობრივი, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდასავლური განცხადება, რომელშიც მან პასუხისმგებლობა და აგრესიის ვექტორები აქტივისტებზე გადაიტანა, არის ჩვენი პოლიტიკური ხელისუფლების, საქართველოს საპატრიარქოსა და პროორუსული ჯგუფების კოორდინირებული ძალადობრივი, შემგუებლური, წამახალისებელი და რუსული პოლიტიკის გაგრძელება. აღმასრულებელი ხელისუფლების უმოქმედობამ საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე დააყენა", — ამბობენ ისინი.

მათივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმის მიუხედავად, რომ ჰქონდა ყველანაირი შესაძლებლობა, რათა უზრუნველყო პრაიდ კვირეულის მონაწილეთა უსაფრთხოება, არ მიიღო არავითრი ქმედითი ზომა ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.

"თბილისი პრაიდის წევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ კორპუსს არაერთი შეხვედრა ჰქონდა შსს-ს წარმომადგენლებთან, ისინი იცნობდნენ ჩვენს სამოქმედო სტრატეგიას, მათთვის შეთავაზებული იყო კონკრეტული გეგმები, რომელთა მიხედვითაც, უნდა მომხდარიყო მარშის უსაფრთხოების დაცვა, თუმცა, ნაცვლად ქმედითი ზომებისა, ჩვენ დილიდან ვუყურებთ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების წახალისებას", — აცხადებს თბილისი პრაიდი.

თბილისი პრაიდი ამბობს, რომ მათ არ აქვთ იმის მოლოდინი, რომ შსს ადეკვატურად შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, ვინაიდან ხედავენ, რომ ისინი არ რეაგირებენ მათ თვალწინ მომხდარ ძალადობის ფაქტებზე, სიძულვილის ტალღა კი სწორედ ხელიფულებისა და საპატრიარქოს მიერაა შთაგონებული და მხარდაჭერილი.

თბილისი პრაიდი საერთაშორისო საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მხარდამჭერებსა და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, მკაფიოდ გაემიჯნონ სიძულვილის რადიკალურ ჯგუფებს და სახელმწიფოს სრულიად არასახელმწიფოებრივ უმოქმედობის პოლიტიკას.

ისინი, ასევე, აცხადებენ, რომ ბრძოლა ღირსებისთვის გაგრძელდება, ეს შეუქცევადი პროცესია, რომელიც მიუხედავად სიძულვილის ჯგუფების, საპატრიარქოსა და ხელისუფლების გააფთრებული წინააღმდეგობისა, არ შეწყდება, მარში ღირსებისთვის კი აუცილებლად ჩატარდება.