პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ძალადობრივ და ჰომოფობიურ აქციაზე მყოფ პოლიციელებს მხარდაჭერას უცხადებს. ის ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობა მიუღებელია.

"მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე პროცესებს და მოვუწოდო ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. დაუშვებელია ძალადობა და განსაკუთრებით ვგმობ ჟურნალისტების და ზოგადად, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას — ეს მიუღებელია! ჩემი მხარდაჭერა პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, თავდაუზოგავად შრომობენ იმისათვის, რომ დაიცვან მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები და აღკვეთონ ძალადობის ფაქტები. სახელმწიფო დაიცავს სახელმწიფოებრივ წესრიგს და უზრუნველყოფს მშვიდობას! კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, არ დავუშვათ ძალადობა!", — წერს კუჭავა Facebook-ზე.

დღეს თბილისში ღირსების მარში უნდა გაიმართოს, პარალელურად კი საპატრიაქრო კონტრაქციას მართავს. ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ჟურნალისტებს თავს ესხმიან. ისინი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მედიის წარმომადგენლებს და უმტვრევენ მათ აპარატურას. არიან დაშავებულები.

თბილისი პრაიდის კვირეული დღეს, 5 ივლისს ღირსების მარშით დასრულდება. აქამდე კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება და ფესტივალი ჩატარდა, რომლის ჩაშლა ჰომოფობებმა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ. ორივე შემთხვევაში პერიმეტრს პოლიცია იცავდა.

დღეს ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის წინ, ქაშუეთის ეკლესიასთან და რუსთაველის თეატრთან არიან შეკრებილები და იმუქრებიან, რომ ღირსების მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ.

ამ კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არიან: საპატრიარქო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პრორუსული ალტინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფები. გარდა ამისა, ეკლესიის ორგანიზებით შეკრებაზე მიჰყავთ ბავშვებიც. საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.

პრაიდს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში აკრედიტებულმა არაერთმა საელჩომ, ასევე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსებმა — კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა. ასევე, პრაიდს მხარს უჭერენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსები. თუმცა, პრაიდს არ აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა. მათი ლიდერები ჰომოფობიურ და ძალადობის წამხალისებელ განცხადებებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.

ამავე თემაზე: