ფორმულას ჟურნალისტს ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფის წევრებმა სცემეს. ჟურნალისტის თქმით, მას სასულიერო პირები ურტყამდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. სრულად დამტვრეულია ტექნიკაც.

ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ჟურნალისტებს თავს ესხმიან. ისინი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მედიის წარმომადგენლებს და უმტვრევენ მათ აპარატურას. არიან დაშავებულები.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე არცერთი მოძალადე დაკავებული არ არის. სხვადასხვა მედიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიცია ჟურნალისტებს არიდებს მოძალადეებს, თუმცა თავდამსხმელებს არ აკავებს. ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უწყებაში არ პასუხობენ და მიგვითითებენ, რომ განცხადებით ვიხელმძღვანელოთ. უწყების განცხადებით, მომხდარზე გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლებით მიმდინარეობს.

თბილისი პრაიდის კვირეული დღეს, 5 ივლისს ღირსების მარშით დასრულდება. აქამდე კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება და ფესტივალი ჩატარდა, რომლის ჩაშლა ჰომოფობებმა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ. ორივე შემთხვევაში პერიმეტრს პოლიცია იცავდა.

დღეს ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის წინ, ქაშუეთის ეკლესიასთან და რუსთაველის თეატრთან არიან შეკრებილები და იმუქრებიან, რომ ღირსების მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ.

ამ კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არიან: საპატრიარქო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პრორუსული ალტინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფები. გარდა ამისა, ეკლესიის ორგანიზებით შეკრებაზე მიჰყავთ ბავშვებიც. საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.

პრაიდს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში აკრედიტებულმა არაერთმა საელჩომ, ასევე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსებმა — კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა. ასევე, პრაიდს მხარს უჭერენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსები. თუმცა, პრაიდს არ აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა. მათი ლიდერები ჰომოფობიურ და ძალადობის წამხალისებელ განცხადებებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.

ამავე თემაზე: