დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ შსს-ს მიერ მობილიზებულია უკიდურესად მცირერიცხოვანი საპოლიციო ეკიპაჟები, რაც ცალსახად არასაკმარისია ძალადობის შესაკავებლად. ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღონ უსაფრთხოების ზომები და უზრუნველყონ ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე პირების დაკავება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისთვის. ამ განცხადებას ორგანიზაცია დღეს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ავრელებს.

"იმის გათვალისწინებით, რომ ძალადობრივი ჯგუფების შეკრება დიდი ხნით ადრე იყო დაანონსებული და მას არ აქვს სპონტანური ხასიათი, შსს-ს მიერ მობილიზებული უკიდურესად მცირერიცხოვანი საპოლიციო ეკიპაჟები ცალსახად არასაკმარისია ძალადობის შესაკავებლად. გავრცელებული კადრებიდან ნათლად ჩანს, პოლიციის უმოქმედობა, დააკავონ ძალადობის უშუალო და მარტივად იდენტიფიცირებადი მონაწილეები", — ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ "პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ღირსების მარშის უკან მიხეილ სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია დგას, პირდაპირ წარმოადგენს რადიკალური ჯგუფების წახალისებას, გამოიყენონ ძალა ჟურნალისტებისა და ღირსების მარშის მონაწილეების წინააღმდეგ".

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლებას:

  • დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სათანადო საპოლიციო ძალების მობილიზაცია რადიკალური ჯგუფების ძალადობის აღსაკვეთად;
  • დაუყოვნებლივ მიიღონ სათანადო ზომები შეკრების დასარეგულირებლად, რომელსაც უკვე აღარ აქვს მშვიდობიანი ხასიათი;
  • დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე პირების დაკავება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისთვის.

ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ჟურნალისტებს თავს ესხმიან. ისინი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მედიის წარმომადგენლებს და უმტვრევენ მათ აპარატურას. არიან დაშავებულები.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე არცერთი მოძალადე დაკავებული არ არის. სხვადასხვა მედიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიცია ჟურნალისტებს არიდებს მოძალადეებს, თუმცა თავდამსხმელებს არ აკავებს. ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უწყებაში არ პასუხობენ და მიგვითითებენ, რომ განცხადებით ვიხელმძღვანელოთ. უწყების განცხადებით, მომხდარზე გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლებით მიმდინარეობს.

თბილისი პრაიდის კვირეული დღეს, 5 ივლისს ღირსების მარშით დასრულდება. აქამდე კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება და ფესტივალი ჩატარდა, რომლის ჩაშლა ჰომოფობებმა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ. ორივე შემთხვევაში პერიმეტრს პოლიცია იცავდა.

დღეს ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის წინ, ქაშუეთის ეკლესიასთან და რუსთაველის თეატრთან არიან შეკრებილები და იმუქრებიან, რომ ღირსების მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ.

ამ კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არიან: საპატრიარქო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პრორუსული ალტინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფები. გარდა ამისა, ეკლესიის ორგანიზებით შეკრებაზე მიჰყავთ ბავშვებიც. საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.

პრაიდს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში აკრედიტებულმა არაერთმა საელჩომ, ასევე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსებმა — კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა. ასევე, პრაიდს მხარს უჭერენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსები. თუმცა, პრაიდს არ აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა. მათი ლიდერები ჰომოფობიურ და ძალადობის წამხალისებელ განცხადებებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.

ამავე თემაზე: