საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან და ძალადობისგან.

დღეს, ღირსების მარშთან ხელისშესაშლელად გამოსულმა ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა ათზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს სამუშაო პროცესში ხელი შეუშალა, ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადა და დაუმტვრია აპარატურა. არიან დაშავებულები. ქარტია მედიასაშუალებებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ძალადობრივი ჯგუფის წევრები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აგინებენ და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ.

ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან და ძალადობისგან.

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით", — წერია ქარტიის განცხადებაში.

ამ დროის მონაცემებით იძალადეს შემდეგი მედიის ჟურნალისტებზე:

  • ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, დაზიანებულია მაუწყებლის კუთვნილი ტექნიკა;
  • ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, მაუწყებლის ჟურნალისტს, გუგა დვალიშვილს მიკროფონი წაართვეს და ხელიდან გააგდებინეს, ოპერატორს კი მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა;
  • სცემეს ფორმულას სხვა გადამღები ჯგუფი - გიორგი გაბუნია და ლექსო ხომასურიძე;
  • რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს ესროლეს ჯოხები;
  • თავს დაესხნენ და თავში კეტი ჩაარტყეს ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ეცვა მაისური, წარწერით პრესა;
  • სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ნეტგაზეთის ჟურნალისტს, ლუკა პერტაიას;
  • თავს დაესხნენ On.ge-ს ჟურნალისტს, თამთა კახაბერიძეს;
  • პალიტრანიუსის ინფორმაციით, ნაცემია მედიასაშუალების ოპერატორი, მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული, დაზიანებულია ტელეარხის ვიდეოკამერა;
  • სირცხვილიას ოფისთან TV პირველის ოპერატორს სცემეს და აპარატურა დაუმტვრიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჟურანლისტებზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს. გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლებით მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე არცერთი მოძალადე დაკავებული არ არის. ამ საკითხთან დკავშირებით დასმულ კითხვებს უწყებაში არ პასუხობენ და მიგვითითებენ, რომ განცხადებით ვიხელმძღვანელოთ. სხვადასხვა მედიის გავრცელებულ კადრებში კი ჩანს, რომ პოლიცია ჟურნალისტებს არიდებს მოძალადეებს, თუმცა თავდამსხმელებს არ აკავებს.