ემილიო ფლორეს მარკესი 1908 წლის 8 აგვისტოსაა დაბადებული და გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, მსოფლიოში უხუცესი კაცია. მან ეს წოდება 113-ე დაბადების დღემდე რამდენიმე კვირით ადრე მოიპოვა.

ემილიო მარკესი პუერტო-რიკოში, კაროლინაში 11-შვილიან ოჯახში დაიბადა. იგი მშობლებს საოჯახო საქმეების შესრულებასა და უმცროსი და-ძმების მოვლაში ხშირად ეხმარებოდა. ემილიო მამასთან ერთად შაქრის პლანტაციაშიც აქტიურად მუშაობდა, მოგვიანებით კი თავადაც პლანტაციის ფერმერი გახდა.

ემილიო მარკესი ცოლზე, ანდრეა პერეზზე 75 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული. ანდრეა 2010 წელს გარდაიცვალა. წყვილს 4 შვილი ეყოლა. ემილიოს 5 შვილიშვილი და 5 შვილთაშვილი ჰყავს. ემილიო დღეს რიო-პიედრაში ორ შვილთან ერთად ცხოვრობს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ადამიანი 118 წლის იაპონელი კანე ტანაკაა, ხოლო ყველაზე ასაკოვანი ადამიანის სტატუსი, რომელსაც კი ოდესმე უცხოვრია ფრანგ ჟან ლუის კალმენტს ეკუთვნის, რომელიც 1997 წელს 122 წლის ასაკში გარდაიცვალა.