თბილისი პრაიდის ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ საპატრიარქოს შეუძლია მთელი დღის განმავლობაში იქადაგოს, თუ ეს მშვიდობიან ფორმებს არ გასცდება. როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, 5 ივლისის მარშთან დაკავშირებით ისინი ესაუბრებიან სამართალდამცავ უწყებებს და ხვალ კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ.

"მთელი დღე შეუძლიათ იქადაგონ, თუ ეს მშვიდობიანი ქადაგება იქნება და არ გადაიზრდება შემდეგ ტაბურეტკებით სირბილში. დანარჩენი არის საპატრიარქოს გადასაწყვეტი. ჩვენ საპატრიარქოს ან სხვა ინსტიტუციებს არ ველაპარაკებით, ჩვენ ვესაუბრებით მხოლოდ სახელმწიფოს, რომელიც პასუხისმგებელია მართლწესრიგზე ამ ქვეყანაში. ჩვენ ვერ მოვთხოვთ რაღაც რელიგიურ დაჯგუფებას, როგორ მოიქცეს, თუ როგორ არა. ეს არის სახელმწიფოს როლი, რომ მათ უზრუნველყონ ადამიანების უსაფრთხოება", — აღნიშნავს თაბაგარი.

თბილისი პრაიდის კვირეული 5 ივლისს ღირსების მარშით დასრულდება. ამ დღეს მობილიზებას აპირებენ ძალადობრივი ჯგუფებიც. გარდა ამისა, მარშის საწინააღმდეგო აქცია დაგეგმა საპატრიარქომაც. გარდა ამისა, შეკრებაზე მიჰყავთ ბავშვებიც.

საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.

ამავე თემაზე: