ანგლიკანური ეკლესია თბილისი პრაიდს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ მათ ფეისბუქზე დაწერეს.

"ჩვენი ეკლესია მხარს უჭერს გამოხატვის თავისუფლებას და შესაბამისად მხარს უჭერს თბილისი პრაიდს. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დაიცვან პრაიდის მონაწილეები ძალადობრივი ჯგუფების აგრესიისგან. ყოველი ადამიანი თანასწორია, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა!" — ნათქვამია მათ განცხადებაში.

პირველ ივლისს თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. უკვე გაიმართა ფილმის ჩვენება და თბილისი პრაიდ ფესტივალი. ორივე ღონისძიებაზე მობილიზებული იყვნენ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც აგრესიულად იყვნენ განწყობილნი და ღონისძიებების ჩაშლას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

თბილისი პრაიდის კვირეული 5 ივლისს ღირსების მარშით დასრულდება. ამ დღეს მობილიზებას აპირებენ ძალადობრივი ჯგუფებიც. გარდა ამისა, მარშის საწინააღმდეგო აქცია დაგეგმა საპატრიარქომაც. გარდა ამისა, შეკრებაზე მიჰყავთ ბავშვებიც.

საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.