აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ისინი, ვისაც სურს, რომ მშვიდობიან მსვლელობას ძალადობით შეუშალონ ხელი, საქართველოს კონსტიტუვციას არღვევენ. როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს მისი ყველა მოქალაქის უფლებების დაცვას და მათ შორისაა მშვიდობიანი შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება.

"მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, აზრი იყოს არაპოპულარული ან წინააღმდეგობრივი, ჩვენ ძალიან ვაფასებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალისხმევას ამ უფლების დაცვის გარანტირებაში, ეს საკმაოდ რთული საქმეა პოლიციელებისთვის, თუმცა გვჯერა, რომ საქართველოს პოლიციელებს აქვთ სათანადო უნარი და პროფესიონალიზმი და განათლება იმისთვის, რომ საშუალება მისცენ მშვიდობიან მონაწილეებს, გამოხატონ თავიანთი უფლება.

ვისაც სურს, რომ ამ მშვიდობიან მსვლელობას ძალადობითა და ზიზღით ხელი შეუშალონ, არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოების წევრებმა გამოავლინონ შემწყნარებლობა, თანაგრძნობა და პატივისცემა და საშუალება მისცენ პოლიციელებს, რომ უზრუნველყონ ადამიანების უფლებების დაცვა", — აღნიშნა ელჩმა.

პირველ ივლისს თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. უკვე გაიმართა ფილმის ჩვენება და თბილისი პრაიდ ფესტივალი. ორივე ღონისძიებაზე მობილიზებული იყვნენ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც აგრესიულად იყვნენ განწყობილნი და ღონისძიებების ჩაშლას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

თბილისი პრაიდის კვირეული 5 ივლისს ღირსების მარშით დასრულდება. ამ დღეს მობილიზებას აპირებენ ძალადობრივი ჯგუფებიც. გარდა ამისა, მარშის საწინააღმდეგო აქცია დაგეგმა საპატრიარქომაც. გარდა ამისა, შეკრებაზე მიჰყავთ ბავშვებიც.

საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.