ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი 13 წლის წინ, მესამე სეზონით დასრულდა, თუმცა, დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მაყურებლისთვის საყვარელ ანიმაციურ სერიალად.

თუმცა, როგორც ჩანს, 13 წლის შემდეგ, არსებობს რაღაცები, რის შეცვლასაც ისტორიის შემქმნელები ისურვებდნენ.

ავატარის თემაზე ჩაწერილ ერთ-ერთ პოდკასტში ცოტა ხნის წინ სერიალის შემქმნელებმა, მაიკლ დანტე დიმარტინომ და ბრაიან კონიეცკომ, ფანების იმ მოსაზრების შესახებ ისაუბრეს, რომლის მიხედვითაც ისტორია "სრულყოფილია".

"ეს მაცვიფრებს, რადგან მასში უამრავ რამეს შევცვლიდი", — განაცხადა კონიეცკომ, — "ძალიან ბევრი რამ არის, რომელიც მაფიქრებინებს: 'აჰ, ნეტავ, ეს სცენა უკეთ იყოს შექმნილი. პერსონაჟის გამომეტყველება ამ ეპიზოდში არ მომწონს'".

დიმარტინო და კონიეცკო, რომლებიც სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერები, რეჟისორები და სცენარისტები იყვნენ, ცხადია, კრიტიკული თვალით უყურებენ საკუთარ ნამუშევარს, თუმცა, მისი სრულყოფისათვის ცდა ნამდვილად არ დაუკლიათ: მუშაობდნენ სხვა კონტინენტზე მდებარე ანიმაციურ სტუდიებთან, დაწვრილმანებით ჰქონდათ გაწერილი ყოველი შენიშვნა და ხარვეზების გამოსასწორებლად ან, უბრალოდ, დასახვეწად, რამდენიმეჯერაც კი ქმნიდნენ ერთსა და იმავე სცენას.

"რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, თუკი მაყურებელი უკეთ გაშალაშინებულსა და საუკეთესო ფორმაში ნახავდა, თუმცა, ის მაინც იმგვარადაა შეფუთული, რომ ხალხის გულს პირდაპირ სწვდება", — დასძენს კონიეცკო.

ფოტო: Ethan Miller / Getty Images

შემქმნელების წყვილმა ასევე ისაუბრა იმ ეპიზოდებზე, რომლებმაც ფანების მოწონება ყველაზე ნაკლებად დაიმსახურეს. მაგალითად, პირველი წიგნის სერიაზე — ომაშუს მეფე — რომელსაც დიმარტინო და კონიეცკო ძალიან მნიშვნელოვან სერიად მიიჩნევენ, რადგან მისით ბუმის პერსონაჟი გავიცანით.

ამის მიუხედავად, მაყურებლების განწყობას იზიარებენ კიდევ ერთი საკამათო ეპიზოდთან, დიდი წყალგამყოფი, დაკავშირებით, სადაც აანგი თავის მეგობრებთან ერთად ორ მოშუღლე ტომს შორის მშვიდობის დამყარებას ცდილობს. თუმცა, კონიეცკომ დასძინა, რომ შედარებით სუსტ ეპიზოდებშიც იყო ისეთი დეტალები, რომელთა შექმნითაც გაერთო — დიდი წყალგამყოფის შემთხვევაში ეს კანიონის უცნაური ქმნილებები იყვნენ.

დასასრულს, სერიალის შემქმნელებმა სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკეს, მათ შორის, Avatar Studios-ზე, რომელიც Nickelodeon-ის მხარდაჭერით იქმნება და რომელმაც ავატარის სამყაროსთან დაკავშირებული ახალი კონტენტი უნდა შექმნას. დიმარტინომ აღნიშნა, რომ მართალია, მუშაობა, ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა, ფრენჩაიზის შექმნა მაინც დიდ დროს წაიღებს.