საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო აპირებს, რომ თბილისი პრაიდის ღირსების მარშის საწინააღმდეგო აქციაზე ბავშვებიც მიიყვანოს.

საპატრიარქომ ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის განცხადება გაავრცელა, რომელშიც ბავშვების გაყვანის მოტივი "ბავშვების საუკთესო ინტერესებია".

"მივმართავთ საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტს, ჯანდაცვის, განათლების და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, სახალხო დამცველს, ბავშვის უფლებებზე მომუშავე ყველა არასამთავრობო ორგანოზაციას, გაეროს ბავშვთა ფონდს, ევროკავშირის ბავშვთა უფლებების კომიტეტს, ყველა იმ სახელმწიფოს ელჩს, რომლებიც მიერთებულნია ბავშვის უფლებათა კონვენციას, დაიცვათ ბავშვების უპირატესი და საუკეთესო ინტერესები, დაიცვათ ბავშვის უფლებების კონვენცია და ბავშვის უფლებათა კოდექსი და დროულად აღკვეთეთ ჩვენთვის საზიანო და ხიფათის შემცველი მოქმედებები, რასაც ანხორციელებენ ლგბტ პრაიდის ორგანიზატორები, მონაწილენი და მხარდამჭერნი", — ნათქვამია განცხადებაში.

პირველ ივლისს თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. უკვე გაიმართა ფილმის ჩვენება და თბილისი პრაიდ ფესტივალი. ორივე ღონისძიებაზე მობილიზებული იყვნენ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც აგრესიულად იყვნენ განწყობილნი და ღონისძიებების ჩაშლას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

თბილისი პრაიდის კვირეული 5 ივლისს ღირსების მარშით დასრულდება. ამ დღეს მობილიზებას აპირებენ ძალადობრივი ჯგუფებიც. გარდა ამისა, მარშის საწინააღმდეგო აქცია დაგეგმა საპატრიარქომაც.

საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.

ამავე თემაზე: