ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის განცხადებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. უწყებაში On.ge-ს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერული მონაცემის, ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებასა და ხელყოფას გულისხმობს.

ვაქცინაციისთვის დასარეგისტრირებელ ვებ-გვერდის გათიშვას ჯანდაცვის სამინისტრო სარეგისტრაციო პორტალზე მასირებული კიბერშეტევას უკავშირებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა რომ სარეგისტრაციო პორტალზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს.

ვაქცინის დასაჯავშნი პორტალის მუშაობა ამ დრომდე არ აღმდგარა. გაბუნიას თქმით, რეგისტრაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება, როგორ პორტალის, ასევე, ვაქცინაციის პროცესში ჩართული დაწესებულებების ქოლცენტრების საშუალებით.

"ასევე, რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებაში და გადაწყვეტაში მოქალაქეებს დაეხმარებათ ცხელი ხაზი 15 22-ის სახით. ასევე, გაეშვება 144-ის კიდევ დამატებითი სერვისი, იმისთვის, რომ სატელეფონო კონსულტაციებისა და სატელეფონო გზით ჩაწერის შესაძლებლობა მოქალაქეს უფრო აქტიური ჰქონდეს", — ამბობს ის.

Sinopharm-ის ახალ დოზაზე რეგისტრაცია დღეს 12:00 უნდა დაწყებულიყო, თუმცა მსურველებს, ამ დროისათვის [15:40], ვებ-გვერდზე არსებული ხარვეზის გამო რეგისტრაციის გავლა არ შეუძლიათ. პორტალზე, booking.moh.gov.ge, სადაც დოზის დაჯაშვნა ხდება წერია: "გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ტექნიკური განახლება. ბოდიშს გიხდით დროებითი შეფერხებისთვის".

საქართველოში ჩინური ვაქცინების, Sinopharm-ისა და Sinovac-ის მილიონი დოზა გუშინ, 2 ივნისს ჩამოვიდა. პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იგეგმება, რომ დღეში 20-25 000 აცრა ჩატარდეს.

საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, სულ აცრილია — 266 161 ადამიანი, დღიურად — 1 246.