ვაქცინაციისთვის დასარეგისტრირებელ ვებ-გვერდის გათიშვას ჯანდაცვის სამინისტრო სარეგისტრაციო პორტალზე მასირებული კიბერშეტევას უკავშირებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სარეგისტრაციო პორტალზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია იმედი ავრცელებს. ასევე, უნდა ითქვას, რომ გაბუნიას ჩაწერის შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე მედიის წარმომადგენელს მიეცა.

"ვაქცინაციის პორტალზე რეგისტრაციის დაწყება დღის პირველი ნახევრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საიტზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს, რამაც პორტალის მუშაობა შეაფერხა. პროცესში შესაბამისი უწყებები არიან ჩართულები და მიმდინარეობს პრობლემის შეფასება იმისათვის, რომ უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში ეს ხარვეზი აღმოიფხვრას," — განუცხადა გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში მიწვეულ ნაწილი მედიების ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, რეგისტრაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება, როგორ პორტალის, ასევე, ვაქცინაციის პროცესში ჩართული დაწესებულებების ქოლცენტრების საშუალებით.

"ასევე, რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებაში და გადაწყვეტაში მოქალაქეებს დაეხმარებათ ცხელი ხაზი 15 22-ის სახით. ასევე, გაეშვება 144-ის კიდევ დამატებითი სერვისი, იმისთვის, რომ სატელეფონო კონსულტაციებისა და სატელეფონო გზით ჩაწერის შესაძლებლობა მოქალაქეს უფრო აქტიური ჰქონდეს", — ამბობს ის.

Sinopharm-ის ახალ დოზაზე რეგისტრაცია დღეს 12:00 უნდა დაწყებულიყო, თუმცა მსურველებს, ამ დროისათვის [14:14], ვებ-გვერდზე არსებული ხარვეზის გამო რეგისტრაციის გავლა არ შეუძლიათ. პორტალზე, booking.moh.gov.ge, სადაც დოზის დაჯაშვნა ხდება წერია: "გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ტექნიკური განახლება. ბოდიშს გიხდით დროებითი შეფერხებისთვის".

საქართველოში ჩინური ვაქცინების, Sinopharm-ისა და Sinovac-ის მილიონი დოზა გუშინ, 2 ივნისს ჩამოვიდა. პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იგეგმება, რომ დღეში 20-25 000 აცრა ჩატარდეს.

საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, სულ აცრილია — 266 161 ადამიანი, დღიურად — 1 246.