ქართული ოცნების დეპუტატის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, მიუღებელი და გაუგებარია სახალხო დამცველის უარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაზე.

"პოლიტიკური პარტიების პოზიცია შეიძლება გასაგები იყოს — მათ აქვთ უფლება ბოიკოტი გამოუცხადონ სხდომას და ა.შ. ეს ცალკე საკითხია, მაგრამ, როდესაც სახალხო დამცველი მის ვალდებულებას არ ასრულებს და შერჩევითად ამბობს, რომ ამას დაესწრება და იმას არ დაესწრება, ეს ჩემთვის არის მიუღებელი, პირველ რიგში და მერე გაუგებარი", — განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კითხვაზე, რამდენად ლეგიტიმური იქნება მოსამართლეების მოსმენის პროცესი, როცა მასში მონაწილეობას არც ოპოზიციონერი დეპუტატების დიდი ნაწილი აპირებს, სამხარაძე ასე პასუხობს:

"ლეგიტიმური იქნება ყველა შემთხვევაში".

ნინო ლომჯარია მოსამართლეების მოსმენაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა. მისი თქმით, სხვა ქვეყნის მოსამართლეებმა ამის შესახებ რომ გაიგონ, გაოგნდებიან.

სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საპარლამენტო მოსმენაზე უარის თქმის მიზეზად სასამართლო სისტემაში არსებულ მოუგვარებელ ინსტიტუციურ პრობლემებს ასახელებს.

გაიგე მეტი: