კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ღირსების მარშის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლებისა და მონაწილე პირთა უსაფრთხოება უზრუნველყოს. კოალიციაში მედიის ადვოკატირებისთვის აცხადებენ, რომ პრაიდის დემონსტრაციები ლგბტ თემის პოლიტიკური ადვოკატირების მშვიდობიანი იარაღი და გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობაა, რომლის დროსაც თემი საკუთარ საჭიროებებს აჟღერებს, ხაზს უსვამს მიღწევებს, თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს ეძლევათ შესაძლებლობა ქუჩაში გამოვიდნენ თანასწორობის მისაღწევად.

"ღონისძიებების გამართვას კვლავაც უქმნიან საფრთხეს ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ და აანონსებენ კონტრაქციას ღირსების მარშის მონაწილეთა წინააღმდეგ. გვაქვს მოლოდინი, რომ ჰომოფობიური ჯგუფების აგრესია აქციის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლებსაც შეუქმნის მნიშვნელოვან საფრთხეს", — ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა და აღიარება საერთო პასუხისმგებლობაა. დისკრიმინაციისა და ძალადობის შეჩერება კი სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ისინი მიმართავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • ღირსების მარშის მონაწილეთა უსაფრთხოება უზრუნველყოს;
  • დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან;
  • ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების ყველა მცდელობაზე.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ მედიას გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას და დისკრიმინაციის წახალისებას ხელი არ შეუწყოს.