დეკანოზ ილია ჭიღლაძის განცხადებით, საქართველოში ძალადობრივი ჰომოფობია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ის საკუთარ Facebook-ზე წერს, რომ აზრისა და სიტყვის მშვიდობიანი გამოხატვის უფლება უნდა მიეცეს ყველას, თუ ეს კანონით აკრძალული და სისხლის სამართლის დანაშაული არაა.

"ყველა მორწმუნეს და ტრადიციონალისტს აქვს უფლება მშვიდობიანი და ლოცვითი აქციით გააპროტესტოს პრაიდი და პრაიდის იდეები, მაგრამ რაც გუშინ ვიხილეთ, პროტესტანტების მხრიდან, ეს არაა ქრისტიანობა და სულიერება, ესაა სიველურე და სამართლის დარღვევა.

იყო დრო, როდესაც მეც ისევე ვფიქრობდი, როგორც ეს ქსენოფობიური ჯგუფები და მიმაჩნდა, რომ პრაიდის მოწყობა ქვეყნისა და ერის დაქცევას უდრის, მაგრამ დღეს ვაანალიზებ, რომ ასეთი მიდგომა არის უკიდურესად პრიმიტიული და უაზრო რამ", — აცხადებს ის.

მისი თქმით, გამოხატვის მშვიდობიანი ფორმები არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს ტრადიციული ფასეულობებისათვის და ქრისტიანობისათვის.

"ყველა მიმდინარეობას აქვს ქადაგების და პროპაგანდის სამართლებრივი უფლება, თუ კონკრეტული რამ კანონით აკრძალული არაა. ქრისტე თავის ფასეულობებს ქადაგებით ავრცელებდა და არა ძალადობით, ან ვინმეს რეპრესირებით. შეუძლებელია პრაიდის გამო ვინმე ჰომოსექსუალი გახდეს", — წერს ის.

გუშინ, პირველ ივლისს თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. პირველ ღონისძიებაზე ბრიტანული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც 2019 წლის პრაიდის მოვლენების შესახებ მოგვითხრობს.

ღონისძიებას რამდენიმე ათეული პირი ესწრებოდა, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები — გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები. ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და ლგბტ თემს სოლიდარობა გამოუცხადა.

ღონისძიების პარალელურად შეკრებილნი იყვნენ ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც აგრესიულად იყვნენ განწყობილნი, ბოთლებს, ქვებსა და კვერცხებს ისროდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო ათობით პოლიციელი. თუმცა პრაიდის ორგანიზატორები ამბობენ, რომ სამართალდამცავების ყოფნის მიუხედავად აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელს კვერცხი მოხვდა, ხოლო ერთ-ერთ სტუმარს დაარტყეს. ვითარება ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა.

ფილმის ჩვენების შემდეგ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე სტუმრებმა ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს და შესასვლელთან მათ მიკროავტობუსები ელოდებოდათ. ამ ხნის განმავლობაში ჰომოფობიური ჯგუფების შეძახილები და ბოთლების სროლა არ წყდებოდა.