მართალია, ჯერ უეს ანდორსნის ახალი ფილმი The French Dispatch არ გვინახავს, მაგრამ რეჟისორი უკვე შემდეგ პროექტზე იწყებს მუშაობას.

ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უეს ანდერსონი მომავალ ფილმს ესპანეთში გადაიღებს, მასში მონაწილეობას კი ტილდა სუინტონი მიიღებს: The French Dispatch-ის (ფრანგული დეპეშა), Isle of Dogs-ის, (ძაღლების კუნძული), The Grand Budapest Hotel-ისა (სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი) და Moonrise Kingdom-ის (ამომავალი მთვარის სამეფო) შემდეგ ეს მათი მეხუთე კოლაბორაცია იქნება.

ჯერჯერობით ამ ფილმის არც სათაური და არც სხვა დეტალები ცნობილი არ არის: რეჟისორმა განაცხადა, რომ ამაზე საუბარი ჯერ არ სურს. ვიცით ის, რომ გადაღებები თავდაპირველად რომში იყო დაგეგმილი, თუმცა შემდეგ ესპანეთში გადაინაცვლა — გადასაღებ მოედანზე მუშაობა სექტემბერში დაიწყება.

ტილდა სუინტონი და რეიფ ფაინზი ფილმში სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი.

ფოტო: Focus Features

მაყურებელი უკვე დიდი ხანია ელოდება French Dispatch-ს, რომელიც გასულ წელს უნდა გამოსულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გეგმები შეიცვალა. ამ ნანატრი ფილმის პრემიერა ჯერ კანის კინოფესტივალზე შედგება, რომელიც 5 ივლისს იწყება, 22 ოქტომბრიდან კი მსოფლიოს ყველა კინოთეატრშიც გამოვა.

ფილმში ტილდა სუინტონთან ერთად სხვა ისეთი ცნობილი სახეები მონაწილეობენ, როგორებიც ბილ მარი, ელიზაბეტ მოსი, ტიმოთი შალამე, ფრენსის მაკდორმანდი და ოუენ უილსონი არიან.

დიდი ალბათობით, ანდერსონის შემოქმედების მოყვარულები წელს ამ ფილმს იხილავენ, უკვე მომალ წელს კი შემდეგი კინოსურათიც მზად იქნება.