საქსტატის ინფორმაციით, ივნისში წლიური ინფლაცია 9,9% იყო — ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში ფასების ზრდის მაქსიმალური მაჩვენებელია.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ ივნისის წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის, ტრანსპორტისა და საცხოვრებელთან დაკავშირებულ ხარჯებზე ფასების ზრდამ განაპირობა. ასევე, ფასები გაზრდილია როგორც სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურების სფეროში, ასევე ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზეც.

ასეთია იმ 15 პროდუქტის ჩამონათვალი, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში, 2020 წლის იმავე თვესთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:

  1. კომბოსტო — გაძვირდა 105,8%-ით;
  2. მზესუმზირის ზეთი — გაძვირდა 96,1%-ით;
  3. ჭარხალი — გაძვირდა 60,6%-ით;
  4. წიწაკა — გაძვირდა 59,1%-ით;
  5. ბენზინი — გაძვირდა 58,7%-ით;
  6. თერმომეტრი — გაძვირდა 55,9%-ით;
  7. დიზელის საწვავი — გაძვირდა 52%-ით;
  8. სტაფილო — გაძვირდა 47,4%-ით;
  9. შაქარი — გაძვირდა 34,6%-ით;
  10. სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები — გაძვირდა 29,4%-ით;
  11. ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები — გაძვირდა 27,8%-ით;
  12. ლურსმანი — გაძვირდა 26,5%-ით;
  13. შპრიცი — გაძვირდა 25,6%-ით;
  14. ყვავილი — გაძვირდა 25,3%-ით;
  15. მწვანილი — გაძვირდა 25,1%-ით;

სტატისტიკის მიხედვით, გარდა ამ ჩამონათვალისა, ამავე პერიოდში, გაძვირებულია 239 დასახელების სხვა პროდუქტი და მომსახურება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ივნისში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, 38%-ით გაიაფდა ლიმონი, ხოლო 33%-ით — მწვანე ლობიო.

შეგახსენებთ, რომ მაისში წლიური ინფლაციის დონე 7,7% იყო, ხოლო აპრილსა და მარტში — 7,2%. ინფლაციის დარეგულირების მიზნით, აპრილის მიწურულს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 9,5%-მდე გაზარდა, ხოლო ივნისში ეს მაჩვენებელი ამავე დონეზე დატოვა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შედეგად, 125 ათასამდე მომხმარებელს სესხის საპროცენტო განაკვეთი 1%-ით გაეზარდა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.